წამების მასშტაბები უბრალოდ გასაოცარია – უკრაინის სახალხო დამცველი იზიუმის მასობრივ სამარხებზე

იზიუმში, რუსების ჩადენილ სისასტიკეზე საუბრობს უკრაინის სახალხო დამცველი. საუბარია მასობრივ საფლავებში აღმოჩენილ ცხედრებზე, რომლებიც დიდი ალბათობით ნაწამებია.

დმიტრო ლუბინეცის თქმით, უკრაინელი სამხედროების ცხედრები, რომლებიც შესაძლოა ოკუპაციის დროს აწამეს, დეოკუპირებულ იზიუმში, მასობრივ სამარხში იპოვეს. ომბუდსმენმა ეს ადგილი თავადვე მოინახულა – „არის წამების ფაქტები, მაგალითად, ხელები ჰქონდათ შეკრული და მოკლულები არიან ახლო მანძილიდან“, – აღნიშნა მან.

ლუბინეცმა ასევე ისაუბრა ოჯახების, მათ შორის ბავშვების საფლავებზე.

“მასშტაბები უბრალოდ გასაოცარია. ყველა მათგანი დაიღუპა ოკუპაციის დროს”– თქვა ლუბინეცმა.

შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, იზიუმთან ახლოს 445 მშვიდობიანი მოქალაქის სამარხი აღმოაჩინეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამარხში აღმოჩენილ ცხედრებს ყელზე თოკები ჰქონდათ მოხვეული და ხელები ჰქონდათ შეკრული.

რუსული სისასტიკის მორიგ ფაქტებს პრეზიდენტი ზელენსკიც გამოეხმაურა.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა ხარკოვის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, 6 სექტემბერს დაიწყეს. ამჟამად, თითქმის მთელი რეგიონი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share