„საკანონმდებლო სივრცე იძლევა საშუალებას, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს წინადადებების წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციაზე ერთადერთი მოდელია უკრაინული და გაწერილია კრიტერიუმები, ვინ შეიძლება იყოს ოლიგარქი.
„სამუშაო ჯგუფების ფარგლებში აქტიურად განვიხილავთ საკითხებს და რა ლოგიკაა იმაში, რომ ყველაფრის გვერდის ავლით პარალელურად რაღაცის წარმოდგენა სურთ, თუმცა არც ამაშია პრობლემა. საკანონმდებლო სივრცე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ჰქონდეს წინადადებების შესაძლებლობა, ამაში შეზღუდული არ არიან, უბრალოდ, ეს არის დემონსტრირება არათანმიმდევრულობის, სამუშაო პროცესის უპატივცემულობის. მათ რამის წარმოდგენა თუ უნდოდათ, აქამდე რატომ არ წარმოადგინეს? რა პარალელურ პროცესს წარმართავენ, ეს მათი არჩევანია.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციაზე ოპოზიციის პოზიციას, რომ ცვლილებებს არ წარმოადგენენ, ეს იმას ნიშნავს, რომ როცა უკრაინული მოდელი დაამუშავეს, მიხვდნენ, რომ კანონის ფარგლებში მათთან დაახლოებული თუ აფილირებული პირები მოხვდებიან. ისინი, ვინც მათ ფინანსურად მხარდაჭერას უცხადებენ. როგორც ჩანს, ამ ადამიანებისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ კანონპროექტი არ მოემზადებინათ. როგორც ჩანს, მათთვის უსიამოვნო აღმოჩნდა იმ კანონის რეგულირების ქვეშ მოქცევა, რომელიც მათ წარმოედგინათ. დეოლიგარქიზაციაზე ერთადერთი მოდელია უკრაინული და გაწერილია კრიტერიუმები, ვინ შეიძლება იყოს ოლიგარქი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.