საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან გამართა შეხვედრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის, რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლის საკითხი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა გომელაურთან შეხვედრისას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საჭიროებაზეც ისაუბრა.
“შეხვედრისას პრეზიდენტმა საკითხის ირგვლივ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც, რათა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები, ჰქონდეს განცდა, რომ რისკები გათვალისწინებული და ყველა ბერკეტი გამოყენებულია”,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.