იაშვილის კლინიკაში, პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის დიაგნოზით 105 პაციენტი მოათავსეს.
როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მსგავსი სტატისტიკა გასული წლების განმავლობაში არ ყოფილა და მიმდინარე წელი გაზრდილი სტატისტიკით გამორჩეულია.
როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რამდენი პაციენტი მკურნალობს ახლა აღნიშნული დიაგნოზით იაშვილის კლინიკაში. ივანე ჩხაიძის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ ოქტომბრის ბოლოდან რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი განსაკუთრებით გააქტიურდება.
რაც შეეხება ვირუსის კლინიკურ მდგომარეობას, როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს განიხილავენ, როგორც სერიოზულ ვირუსს, რაც დაავადების მძიმე მიმდინარეობას გულისხმობს.
„2022 წლის სეზონი წინა წლებთან შედარებით გამორჩეული იყო. ის სტატისტიკა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში რესპირაციული ვირუსული ინფექციების, მათ შორის, რესპირაციული-სინციტიური ვირუსული ინფექციის მაქსიმალური აქტიურობა დეკემბერ-თებერვლის პერიოდში ფიქსირდება. ეს ეხება მათ შორის, გრიპსაც. 2022 წლის სეზონი იყო სრულიად გამორჩეული. 2022 წელს სხვა მიმართულებით მოხდა ინფექციის მატება, ეს გულისხმობს პიკის გადანაცვლებას მაისი-ივნისის პერიოდში. საქართველოში, განსხვავებული ვირუსული პეიზაჟი გვქონდა ისე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ზამთრის ნაცვლად პიკი დაფიქსირდა გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში. ასეთი რამ არ მომხდარა, ამის უკან დგას პანდემია, კორონავირუსმაც გამოიწვია ასეთი ცვლილება.
რაც შეეხება რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს, რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს განვიხილავთ, როგორც სერიოზულ ვირუსს, რაც გულისხმობს დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს. გრიპთან ერთად ეს ვირუსი განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში განაპირობებს მძიმე მიმდინარეობას, ეს გულისხმობს წვრილი ბრონქების, ბრონქიოლების ანთებას, რასაც ბრონქიოლიტი ჰქვია.
საკმაოდ მძიმე დაავადებაა და ხშირად სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, აქტიური მკურნალობა. ბრონქიოლიტის ანთების შემთხვევაში ბავშვს აქვს შეტევითი ხველა, ხმაურიანი, გახშირებული სუნთქვა, საჭიროებს ჟანგბადის მიწოდებას, აქტიურ აეროზოლოთერაპიას, ეს დიაგნოზი ყველა პედიატრისთვის ცნობილია და ვთვლით, რომ რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.
პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე პერიოდში, მარტო ჩვენთან, იაშვილის კლინიკაში დიაგნოსტირებული იყო ლაბორატორიულად დადასტურებული რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის 105 შემთხვევა. ასეთი რამ არ ყოფილა არცერთ წინა წელს, მიმდინარე წელი გამორჩეულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წელი ჯერ კიდევ გრძელდება. ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში ეს შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს.
მარტო აგვისტოში დაფიქსირდა რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის 7 შემთხვევა. საქართველოში რესპირაციული ვირუსული ინფექციების მონიტორინგის დროს ასეთი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა. მოგეხსენებათ, რომ 2009 წლიდან ეპიდვითარებაზე მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს.
ასევე, აგვისტოში გრიპის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ასევე უიშვიათესი შემთხვევაა, არასდროს ყოფილა გრიპი აგვისტოში. ივლისში გრიპის 2 შემთხვევა გვქონდა, რაც ასევე არასდროს ყოფილა. წელს ველოდებით, რომ რესპირაციული ვირუსული ინფექციების, მათ შორის, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ეს იყო 2020-2021 წელს.
ოქტომბერს რაც შეეხება, მალე გვეცოდინება თუ დაფიქსირდა ამ დღეებში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი. კლინიკური მიმდინარეობით სამი პაციენტი გვყავს, სადაც შეიძლება იყოს რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი. ლაბორატორიული დადასტურება უახლოეს დღეში გვექნება და გვეცოდინება, დაიწყო თუ არა მატება რესპირაციულ-სინციტიურმა ვირუსმა. ამის მოლოდინი გვაქვს. მოლოდინი გვაქვს, რომ ოქტომბრის ბოლოდან მოიმატებს“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.