რუსეთი ტვირთის საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვებზე კონტრსანქციებს აწესებს. სანქცირებულთა სიაში არ არის საქართველო.
„ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას, გადაწყვეტილების ეკონომიკური ეფექტი ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა შეაფასა.
„როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე კოლაბორაციონისტულ პოლიტიკას ატარებს. აბსოლუტურად აცდენილები ვართ სტრატეგიას, რომელიც დასავლეთმა აირჩია რუსეთთან მიმართებით. ფაქტობრივად, მორღვეული გვაქვს ეკონომიკური საზღვარი. მეტსაც გეტყვით, ჩვენი ხელისუფლება ამაყობს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს რუსეთთან ინტეგრაციის ხარჯზე. ეს რაც რუსეთმა გუშინ გააკეთა, ჩვენ არ შეგვეხება. ისინი, ძალიან კმაყოფილი არიან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებით. შესაბამისად, ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
პარალელურად, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტი დაამტკიცა. ახალ ევროპულ სანქციებში მესამე ქვეყნებიც შევა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ყველა მოქალაქე თუ ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს სანქცირებული საქონლის რუსეთში მიწოდებას, შევა ამ სიაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი, „ჩვენ არ გვინდა, რომ მესამე სახელმწიფოები გამოიყენონ როგორც ხვრელი, ჩვენი სანქციების წინააღმდეგ“.
ხუხაშვილის თქმით, ეს ადრე თუ გვიან, აუცილებლად აისახება საქართველოზეც.
,,ჩვენი ქვეყანა დგას რისკის წინაშე, რომ ადრე თუ გვიან, აღმოვჩნდეთ დასავლეთის მხრიდან სასანქციო სიაში. მიზეზი მარტივია, რუსეთში გამავალ ტვირთებზე არავითარი კონტროლი არ ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამბობს, თითქოს ეს ასე არ არის, რეალური პოლიტიკა და სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველო გამოყენებულია პლაცდარმად სანქციების გვერდის ავლისთვის. ცივილიზებულმა სამყარომ აირჩია ეკონომიკური ომი რუსეთთან და საქართველო ამ ომში სამწუხაროდ, სხვა მხარესაა“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს რუსეთში ძალაში დადგენილება შევიდა ევროკავშირის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ნორვეგიის სატრანსპორტო კომპანიებისთვის ტვირთის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის აკრძალვის შესახებ. ნორმა 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.