ბიძინა ივანიშვილი იყო სწორი ინსტუმენტი სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შესაცვლელად – ივანიშვილთან ჩვენი პოლიტიკური კონტრაქტი გულისხმობდა, რომ ის მიდიოდა პოლიტიკიდან და ქვეყანაში მრავალპარტიული კოალიციური მმართველობა დამკვიდრდებოდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, 2012 წელს ივანიშვილს აღიქვამდა თუ არა ოლიგარქად, როცა მასთან ერთად მოვიდა ხელისუფლებაში.
უსუფაშვილის თქმით, “ოლიგარქი” ეს არ არის ივანიშვილის ახალი გვარი და ბიძინა ოლიგარქზე კი არ ვლაპარაკობთ, არამედ ოლიგარქიაზე, როგორც მოვლენაზე, რომელიც უნდა ამოიძირკვოს”.
“2011 წლიდან 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილთან ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ უნდა შეგვეცვალა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი და ივანიშვილი მიდიოდა პოლიტიკიდან. ეს იყო ივანიშვილის განზრახულობა და კოალიციური შეთანხმება. ივანიშვილმა ვერ შეძლო, ვერ მოახერხა ეს დაქვეყანა და თავის თავიც მიიყვანა ამ პრობლემამდე. ბიძინა ივანიშვილი იყო სწორი ინსტუმენტი სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შესაცვლელად, სააკაშვილს ქვეყანა მიჰყავდა უფსკრულამდე. ივანიშვილთან ჩვენი პოლიტიკური კონტრაქტი გულისხმობდა, რომ ის მიდიოდა პოლიტიკიდან და ქვეყანაში მრავალპარტიული კოალიციური მმართველობა დამკვიდრდებოდა. ივანიშვილმა ეს ვერ მოახერხა, უღალატა თავის პრინციპებს, თავის სიტყვებს, თავის განაცხადს მსოფლიოს წინაშე, ესაა პრობლემა და ესაა მოსაგვარებელი,”- განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის პროექტი პარლამენტში ინიცირებულია.
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად – ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:
ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.
კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად ცნობილ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც შესაბამის რეესტრში შევა, გარკვეული ფინანსური აქტივობები ეზღუდება. კერძოდ, რეესტრში შეყვანილ ოლიგარქს ეზღუდება:
- პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე “საარჩევნო კოდექსი” შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.
- ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);
- ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.
პროექტის მიხედვით, “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონი ამოქმედებიდან 10 წლის გასვლისთანავე ძალას დაკარგავს.