პარლამეტნის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტაინი კოქსს წერილს სწერს 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას გულისხმობს და რომელსაც “ოცნებამ” მხარი არ დაუჭირა.
ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრად არის მოხსენებული. პაპუაშვილი წერილში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება “ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას და ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში”.
“ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნულ დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება (ა) ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას; და (ბ) ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში.
ბატონი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ას განაჩენზე მეტი გამოიტანა, მათ შორის იყო 13 საქმე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მეორე მუხლზე (სიცოცხლის უფლება), 34 საქმე მესამე მუხლზე (წამების აკრძალვა), 15 საქმე მეხუთე მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და 44 საქმე მეექვსე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბ-მა სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას. […]
გვჯერა, რომ ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა”, – წერს პაპუაშვილი.
მისი გნცხადებით, საქართველოს 2012 წლიდან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის კარგი ისტორია აქვს.
“შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა”, – აღნიშნულია წერილში.
პაპუაშვილი იმედს იტოვებს, რომ “ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით”.