„ბავშვთა ონკოლოგია საქართველოში..აბსოლუტურად მიგდებული და დავიწყებული თემა“ – ზურაბ გურული

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს, რომ ბავშვთა ონკოლოგია საქართველოში აბსოლუტურად მიგდებული და დავიწყებულია და ამ დარგში არაფერია გაუმჯობესებული.

„ბავშვთა ონკოლოგია საქართველოში …

აბსოლუტურად მიგდებული და დავიწყებული თემა. ერთი მილიმეტრითაც არ გაუმჯობესებულა ამ დარგში არაფერი საქართველოში.

რატომ? იმიტომ რომ ეს არ არის ის დარგი, რომელსაც დიდი ფინანსური მოგების მოტანა შეუძლია. ძირითადად დოტაციაზე და ქველმოქმედებაზე უნდა იარსებოს.

არ გამოჩნდა არავინ, რომელიც ამ დარგის აღორძინებას შეძლებდა. რთული სტრუქტურაა ასაგები. ყველაფერი გასათვლელია, დაწყებული სამედიცინო განათლების სისტემიდან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კათედრის, რეზიდენტურის შექმნა, დამთავრებული საერთაშორისო სამეცნიერო სისტემაში ჩართვით, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ახალგაზრდა პროფესიონალების გასაწვრთვნელად გაგზავნას; მათ დაინტერესებას ერთობლივი სამეცნიერო კვლევებით. ონკოლოგია მოიცავს შხამიანი ქიმიური პრეპარატების და რადიაციული ელემენტების ლოგისტიკას; უსაფრთხოების წესების განსაკუთრებულ პროტოკოლებს. ეს მილიონები დაჯდება, მაგრამ ეს ის მილიონებია, რომლებიც სახელმწიფომ უნდა გაიღოს!

ქართული ქველმოქმედებაც ისეთივე უსისტემო და უაზროა, როგორიც ქართული სახელმწიფო, თავისი ფსევდო-ინსტიტუტებით. მილიონები გროვდება და მიედინება საზღვარგარეთ უკვე წლებია. რიგითი ქართველი არ იშურებს ძალისხმევას და რასაც შეუძლია იმეტებს თავისი ცარიელი ჯიბიდან, რადგან ძნელია გაფითრებული, თმაგაცვენილი, მზერაჩამქრალი ბავშვების ფოტოების ცქერა, რომელთა სასოწარკვეთილი მშობლები დახმარებს ითხოვენ. და მიედინება ეს სიმწრით მოგროვილი ფული უცხოეთის კლინიკებში; ხშირად უკვე დაგვიანებით.


იაშვილის სახელობის კლინიკის დახურვა ვერ უწამლებს იმ პრობლემას, რომელიც ქართულ პედიატრიულ მედიცინაშია-მეთქი, ვწერდი რამდენიმე დღის წინ. ვერ გაიგეს რას ვგულისხმობდი; ჩათვალეს, რომ კოლეგებს ვუჭერდი ბრმად მხარს. ძნელია გამწარებულ მშობელს აუხსნა სად არის პრობლემის სათავე, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით? მულტიპროფილური პედიატრიული კლინიკა შეუცვლელი ბაზაა ახალგაზრდა თაობების გასაზრდელად და მისი დაქუცმაცება მთლიანად დაარტყამს დარგს. მაგრამ ამის ცოდნა გამწარებულ მშობელს არ ევალება. ის მხოლოდ დამპალი სისტემის ნაყოფს ხედავს და რატომ არის სისტემა დამპალი, ამის გააზრების არც დრო აქვს და არც საშუალება.

რამხელაა საქართველო? ერთი საშუალო ევროპული ქალაქის ზომისაა მხოლოდ და ამ ერთი ბეწო ქვეყნის ლოგისტიკის მოგვარებას ვერ ვახერხებთ. რატომ დავლპით ასე?

ინტელექტი არა გვაქვს? გავსებულია ამერიკა და ევროპა უჭკვიანესი ახალგაზრდა ქართველი ექიმებით, მიდიან და მიდიან … გაამტყუნებთ? თუნდაც კანონმდებლობა გაქვთ მათ დასაცავად? საქართველოში ხომ სამედიცინო შეცდომაც არ იციან რა არის და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრებიან ექიმებს?

-ექიმი მოწოდებით უნდა იყო, როგორც მღვდელიო – ამიხსნა მავანმა, – როგორ შეიძლება ექიმი ანაზღაურებაზე, ხელფასზე ფიქრობდესო -. ჩაწვდით ცინიზმის სიღრმეს? ათასობით უჭკვიანესი ახალგაზრდა თავიანთი ცხოვრების საუკეთესო წლებს გაჭირვებაში უნდა ატარებდეს სტაბილურად თურმე.

დახურვა, დაჭერა, აკრძალვა … არ არის პრობლემის გადაჭრის გზა; შენება, წახალისება, განათლება, თავისუფალი აზროვნება არის. საზოგადოება თუ არ დაფიქრდა, რომ „გაქეციანებული გულის ფხანა“ არ კურნავს „ქეცს“, მუდამ „ქეციანი დარჩება და იქნება გამუდმებულ „ფხანაში“. ჰოდა ვიფხანთ და ვიფხანთ … არ გვბეზრდება“, – წერს ზურაბ გურული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share