კანონპროექტით, მოსამართლეს ეკრძალება აზრის გამოთქმა “ზომიერების პრინციპის დარღვევით”

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, მოსამართლეს ეკრძალება აზრის გამოთქმა “გაწონასწორებულობის და ზომიერების კრიტერიუმის, ან – პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით”.

წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

რაც შეეხება დისციპლური სახდელებს – არსებულ ჩამონათვალს: საყვედური; მკაცრი საყვედური; ხელფასის 5%-დან 20%-მდე დაქვითვა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში; სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

დაემატება შემდეგი ორი პუნქტი:

  • იმავე ინსტანციის სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში;
  • სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, “საერთაშორისო სტანდარტია, რომ ნებისმიერი მოსამართლე უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური”.

“უნდა დაიცვას მთელი რიგი ის პრინციპები, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ ნეიტრალურობას.

დღეს ერთ-ერთი სახდელი არის მოსამართლის გათავისუფლება. ჩვენ შემოგვაქვს დამატებით სახდელი, რომ მოსამართლე იყოს არა ჩამოცილებული საქმიანობიდან და გათავისუფლებული, არამედ იყოს სხვა უფრო მზღუდავი მექანიზმის გამოყენება – მაგალითად, სხვა სასამართლოში გადაყვანა”. – თქვა ოხანაშვილმა.

კანონპროექტით შემცირებულია დისციპლინური სამართალწარმოების ვადებიც.

მოქმედი კანონმდებლობით, დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელსაც სწორედ დარღვევების განხილვა ევალება, საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მისი საფუძვლიანობის შესასწავლად 2 თვე აქვს.

ინიცირებული კანონპროექტით, ეს ვადა ერთ თვემდე მცირდება.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ამ ცვლილებების მიღება საერთაშორისო რეკომენდაციის გათვალისწინებით ხდება.

საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share