შემოდგომას რომ მივალაგებდით, დაზამთრებამდე ბებია მეზობლის ქალებთან ერთად აუცილებლად დაგეგმავდა და წავიდოდა ოზურგეთელ მარჩიელ ტონიასთან.
რომ მოემზადებოდენ და წასასვლელად დამწკრივდებოდენ, ბაბუა მორიდებულად იკითხავდა: “ამფერი უსაშველო რა გჭილარიენ ქალებო აბდალა ტონიასან რომ მიხვალთ სარჩევათ? გვითხარით ეგება ჩვენც გშველით რამეს..”
ტონიე მარჩიელის სახლი ყველამ იცოდა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურის უკან ფერდზე ცხოვრობდა, სახლის ფართე აივნიდან მატარებლის სადგური და ბაქანი ხელისგულივით ჩანდა, მოიდანახე და იქით გაღმა სოფლებიც ბევრი. ეზო მომცრო იყო და მოუვლელი, პატარ პატარა გაურკვეველი ხუხულებით გამოძეძგილი, სახლი არც ისე პატარა ლურჯად შეღებილი, ძალიან მოწესრიგებული, ელავდა ტონიეს სახლის ფანჯრები, ძელის იატაკი ალაპლაპებული. ჭიშკართან რა დროსაც არ უნდა მისულიყავი ბჟოლების ქვეშ გრძელ ხის სკამზე იჯდენ ნაგომრიდან, დვაბზუდან, მთისპირიდან, ცხემლისხიდიდან, ბახვიდან, ერკეთიდან, ჩოხატაურის სოფლებიდან მოსული ქალები. ამბობდენ ტონიასან სარჩევათ ქობულეთლები, ბათუმლები და ზაფხულში თბილისლებიც იარებიენო.
მომლოდინეები ფართო აივანზეც ისხდენ ჯგუფ-ჯგუფად და დაბალ ხმაზე ლაპარაკობდენ, სხვა ქალებს ათვალიერებდენ. ორჯერ სამჯერ მაინც ვახლდი ბებიას ტონიასთან, მეტი რა საქმე მქონდა ყველას და ყველაფერს ვაკვირდებოდი ზუსტად მახსოვს წვრილმანებიც.
როის როის მოგვიწევდა რიგი, ტონიე დიდ, სქელ ფარდებ ჩამოფარებულ ოთახში იჯდა უშველებელ, მწვანე ხავერდგადაფარებულ მრგვალ მაგიდასთან, დიდი ოქროს ძეწკვი ეკეთა, თმები წითელი კვასკვასა ჰქონდა და სიგარეტს ეწეოდა. ზოგი ჩიოდა ტონიე პრიუტშია გაზდილიო, ზოგი ჩიოდა დანაძინებია, 40 დღეს ეძინა და ყველაფერს ხედავსო, ბევრ სიავესაც აბრალებდა ზოგი. კედელთან კიდევ ერთი მოზრდილი მაგიდა იდგა რომელზეც მადლიერი კლიენტების მიერ მოტანილი ბამბანერკები ეწყო ახოხოლებული.
ტონიას დამხმარეებიც ჰყავდა, ზოგი ხვეტავდა და ალაგებდა, ზოგი სტუმრებს იღებდა და აცილებდა, ზოგი გარეთ გამოდიოდა მნიშვვნელოვან სტუმრებს არჩევდა და ტონიასთან ურიგოდ შეყავდა. ზოგიერთი ჭიქაში ჩახედვასაც ცდილობდა და ეშველებოდა ტონიას.
ყავას პატარა ოთახში ხარშავდენ ფარდის უკან და გამოქონდათ დიდი წითელი ვარდებიანი ლანგრით.
ტონიე ისე შეხვდებოა ბებიას როგორც დას ან მონატრებულ ოჯახის წევრს შეხვდება ადამიანი, მოიკითხავდა ქალებს, შეაქებდა, ბოდიშს მოუხდიდა რადენი გაცდიეთ გარეთ მარა რა ვქნა მესევა ქვეყანა რეტი და ბრუი მესხმის იმდენი დადისო იტყოდა, ვითომ დადარდიანებული. ყავასთან შოკოლადს მიართმევდა ქალებს, მე დიდ ნიკელის ლოგინზე ბევრ კამფეტებს დამიყრიდენ და შეუდგებოდა საქმეს.
უი უი დარდი გაქ ცა დიდი, რა გჭირს რა დღეში გაქ ნევრებიო… ეძებ და ამ სადარდებელის საშველი ჯერემ არ ჩანაო.. თ, ბ ან დ ასოზე დიდი ხიფათი ჩანა მარა აცდება ამ ხიფათს ბევრი ნევრულობა კი შეგხთებიენო… თვალი ჩანა დიდი, ღალატია და ვერ ვხთები რა უნდა რას გერჩისო.. ყველას აშენდი და გაკეთდი ჰგონია მარა იმდენიც აფერი სინამდვილეში არაა რამდენიც ჩანაო.. გზებია გძელი სა იარები ნეტა ამდენსო.. პარასკევ დღეს უფთხილდი, დიდი საქმე აფერი არ გამეიწყო კარგათ არ დამთავრდებაო და ათასი ამის მაგვარები. ხმას ხან აუმაღლებდა ისე ყველას რომ გაეგონა ოთახში რას ეუბნებოდა ბებიას და ხან, ზოგიერთ რამეს ისე ეტყოდა გეგონებოდა დიდი საიდუმლო და დასამალი ამბავი იყო, ჩურჩულით.
ბოლოს ბუთხუზა ცერა თითს დაატრიალებდა ჭიქის ძირზე და გაიბადრებოდა ვითომ რაღაც სასწაული დაინახა და ეტყოდა დაზაფრულ ბებიას: ” ოიიი გული ნათელი გაქ მერიკო დია, ნათელია შენი დღეი და მომავალი. კარქათ და ჯამთელათ გყავს ქმარშვილი, უხვი და დღეგძელია შენი ძეი და მომავალი.. ბებიაც ამოისუნთქავდა და სამმანეთიანს შეაცურებდა ხავერდის გადასაფარებლის ქვეშ, ტონიამ ვითომ ვერ დაინახა არ შეიმჩნევდა.
კეთილი იყო ტონიე, ყველამ იცოდა რომ აფერს არ დაგიმალავდა, თუ კი დაინახავდა, გლახაც რომ დაენახა მოძებნიდა სიტყვებს და აუცილებლად იტყოდა, ყველას უყვარდა, მიაჩნდა. თუ ვინმე შებედავდა ნუსხას, ჯადოს ან მისდაგვარს ხომ არ აკეთებო გაბრაზდებოდა, წარბებს შეკრავდა და მგონია მეათაიათასედ მოყვებოდა რაფერ მარტო ფიგურის დანახვა და ახსნა იცის და მეტი აფერი. რაფერ ასწავლა ბათუმელი მეზღვაურის ბერძენმა ცოლმა ქალიშვილობაში ფიგურების ცნობა და რომ იმ მარჩიელთან ჭიქაში ჩასახედად მისულს რაფერ უთხრა შენგან კაი მკითხავი დადგება და მოი გასწავლიო, რაფერ ამეიჩემა და რაფერ ძალით ასწავლა. ბოლოს ბოდიშის მოხდით არ ბძანდებით სწორ ადგილას ჩემთან, მაგფერობიზა ბათუმში მიბძანდითო იტყოდა და გაიცინებდა. გამოგვაცილებდა, რაც შეუჭმელი დამრჩებოდა იმ კამფეტებით დამხმარე ქალები ჯიბეებს გამომიტენიდენ და
წამოვიდოდით. რაღაცნაირად ჩაფიქრებული იყო ყველა, დადუმდებოდენ. აგერ გაკირულს, ბებურიშვილის წისქვილს რომ მოაწევდით მაშინ იტყოდა რომელიმე: ” თუ გეიგონეთ ცა აი რა თქუამაგ მოასპობელმა, სიდან იცოდა და დეინახა თუ გინდა სასწაული აააააჰ და აიმეიგმინებდა.” აყვებოდენ დანარჩენებიც და შინ მისვლამდე იყო ერთი გარჩევა და აზრების, ამბვების გაცვლა, ტონიეს ქება და დიდება.
მალე დაზამთრდებოდა, დავანთებდით დიდი ცეცხლს დიდი ცხემლის ჯიკვებით ჩვენს დიდ ბუხარში და მომავალი წლის შემოდგომამდე ტონიე და ტონიეს მონაყოლები აღარავის აღარ ახსოვდა.
რას ვიფიქრებდი თუ ტონიას და ამ ამბავს ოდესმე სიხარულით, სიყვარულით გავიხსენებდი.
ზურა შევარდნაძე