რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ბირთვული ომის თავიდან არიდებასთან დაკავშირებული განცხადება, რომელშიც საუბარია იმაზეც, თუ რა შემთხვევაში გამოიყენებს მოსკოვი ბირთვულ იარაღს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია ის სახელმწიფო დოქტრინები, თუ რა შემთხვევაში გამოიყენებს მოსკოვი ბირთვულ იარაღს. განცხადების მიხედვით, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღით მიტანილი იერიშის საპასუხოდ ან თუ მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ჩვეულებრივი, კონვენციური იარაღი, რომლით თავდასხმაც მათი სახელმწიფოს არსებობას საფრთხეს შეუქმნის.
“ბირთვული შეკავების პოლიტიკის განხორციელებაში რუსეთი მკაცრად და თანმიმდევრულად ხელმძღვანელობს პოსტულატით, არ იქნას დაშვებული ბირთვული ომი, რომელსაც გამარჯვებული ვერ ეყოლება და რომელიც არასდროს უნდა გაჩაღდეს. რუსეთის დოქტრინალური მითითებები ნახსენებ სფეროში ნათლად არის ასახული, ისინი წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევიან. რუსეთის მიერ ბირთვული იარაღით ჰიპოთეტური რეაგირება დაიშვება მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღით განხორციელებულ აგრესიაზე პასუხის გასაცემად ან თუ აგრესია, ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, საფრთხეს უქმნის თავად სახელმწიფოს არსებობას”. – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების მიერ ხაზგასმული დოქტრინები აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები მათ დამატებით კონტექსტს აძლევს. გასულ დღეებში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა რუსეთის სახელმწიფოს არსებობისთვის საფრთხედ ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინის მიერ დაბრუნების მიზანი მიიჩნია.
“ომში უკრაინის მიზანი კიევის რეჟიმმა უკვე დაასახელა – ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომელიც ადრე მათ ეკუთვნოდათ, ანუ რუსეთისგან მათი უარყოფა. ეს არის საფრთხე ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის და ნიშნავს დღევანდელი რუსეთის ნგრევას”. – წერდა მედვედევი 1-ელ ნოემბერს.
2 ნოემბერს გამოცემა The New York Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის სამხედრო ლიდერებმა რამდენიმე ხნის წინ განიხილეს თუ როდის და როგორ იქნება შესაძლებელი მათ მიერ უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება. ამის მიუხედავად, NY Times-ის წყაროების ცნობით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთს ბირთვული იარაღი მზადყოფნაში მოჰყავს ან დარტყმისთვის სხვა ტაქტიკურ ზომებს იღებს.