ამ ხელისუფლებამ არც თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელის ანუ სააკაშვილის ფასი იცის, არც ხალხის და არც ქართული სახელმწიფოებრიობის. შესაბამისად, ვინც ეხმარება ქართულ სახელმწიფოს, რომ დასავლური ღირებულებების გზას დაადგეს და გახდეს მისი ოჯახის წევრი, ყველა ის ადამიანი სძულს და ეზიზღება. ეს იყო პასუხი და ამიტომ არ შეუშვეს დღეს მალგოჟატა გოშევსკა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან სტატუსის მიღების შემთხვევაში, „მათ ძალაუნებურად მოუწევთ კანონის იმ ჩარჩოებში ყოფნა, რასაც დასავლეთი ითხოვს“.
როგორც პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა განაცხადა, უხერხულობისგან სად წასულიყო არ იცოდა, როდესაც პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს ხელისუფლებას ახსენებდა ვინ არის და რა დამსახურებები აქვს მას.