“შეიძლება ადამიანი ინდური კინოს მოყვარული არ იყოს, მაგრამ…მომენტალურად ინდოეთის ხსენებასთან ერთად…”ზიტა და გიტა” ამოტივტივდება”-პროდიუსერი

“შეიძლება ადამიანი ინდური კინოს მოყვარული არ იყოს, მაგრამ ეს ფილმი ინდური კინოს არამოყვარულებმაც იციან. ინდოეთის ხსენებასთან ერთად, ნებისმიერი რიგითი მაყურებლის მეხსიერებაში მომენტალურად “ზიტა და გიტა” ამოტივტივდება”,­ – ამბობს პროდიუსერი, კინომცოდნე და ინდოლოგი დავით ბეჟიტაშვილი და “ზიტა და გიტას” ლეგენდარულ მსახიობზე, ჰემა მალინზე გვიამბობს…

– ფილმი “ზიტა და გიტა” არნახული­ პოპულარობით სარგებლობდა. მილიონობით მაყურებელი ჰყავდა და დღესაც სტატისტიკას რომ გადავხედოთ, იმ უცხოურ ფილმებს შორის, რომლებიც საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში ეკრანებზე გამოსულა, მეცამეტე ადგილზეა და დაახლოებით 56 მილიონმა კაცმა ნახა კინოთეატრებში. “ზიტა და გიტა” იმდენად პოპულარული იყო, რომ მშობლები ახალშობილ შვილებს მათ სახელებს არქმევდნენ.

– ინდოეთის სამყაროსთან თქვენი კავშირი როდის დაიწყო, ჰემა მალინს პირველად როდის შეხვდით?

– ინდური ფილმების უმეტესობაში­ ჰემა მალინი თამაშობდა. ეს იყო “შური­სძიება და კანონი”, “ზიტა და გიტა”, “ჯუნგლების მეფე”, “ძვირფასი რაჯა”, “ალი ბაბას და ორმოცი ყაჩაღის თავგადასავალი”, “ძველი ტაძრის განძეული”, “სამრატი”…­

ინდოეთისა და ინდური კინოს ჩემი სიყვარული მოგვიანებით პროფესიულ საქმიანობაში გადაიზარდა და ამის წყალობით ჰემა მალინს 2016 წელს მის სახლში შევხვდი. ალბათ, ეს შეხვედრა საბედისწერო იყო, რადგან შემდეგ ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა არა მარტო ჩემს ცხოვრებაში, არამედ საქართველოსა და ინდოეთის ურთიერთობაში. ჩვენი შეხვედრის შედეგად ჰემა მალინი საქართველოში ჩამოვიდა. ის დღეს არა მარტო ინდური კინოს ცოცხალი ლეგენდა და ინდური ცეკვის დედოფალია, არამედ ინდოეთის პარლამენტის წევრი და პოლიტიკაში გავლენიანი ფიგურაა. მისი ჩამოსვლის ამსახველი ფოტოები და ვიდეოჩანაწერები რომ არ არსებობდეს, ვიფიქრებდი, რომ ეს ყველაფერი სიზმარში ვნახე. მსგავს რამეზე ვერც ვიოცნებებდი.

 

– თბილისში როგორ დახვდით, ქვეყნის კულტურა გააცანით?

– კულტურის პალატის ინიციატივით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ჰემა მალინი საპატრიარქოში მიიღო. როგორც პატრიარქმა ბრძანა, საქართველოს ძალიან უყვარს ინდოეთი. ,,მე ორჯერ ნამყოფი ვარ ინდოეთში. შევხვდი­ ინდირა განდის და ვიყავით შტატ ქერალაში, სადაც არის მართლმადიდებელი ეკლესია. თქვენ ძალიან ცნობილი ბრძანდებით მთელ მსოფლიოში და მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამობრძანდით”, – მიმართა ინდოელ მსახიობს უწმინდესმა­ და საჩუქრად თავისი საგალობლების დისკი და ინგლისურ ენაზე ეპისტოლეების კრებული გადასცა. შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. პატრიარქმა ჰემა მალინს უამბო რაჯ კაპურის ვიზიტის შესახებ საქართველოში 1954 წელს. თავად ჰემა მალინი აღფრთოვანებას ვერც მალავდა. პატრიარქის თხოვნით მან ინდური ცეკვა შეასრულა და თან ცეკვის თითოეული ილეთის მნიშვნელობა განმარტა.

zita-1667752957.jpg

ჰემა მალინი დაესწრო სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის რეპეტიციასაც. ის თავად მოცეკვავეა, ცეკვა ძალიან უყვარს. ნანახმა იმდენად აღაფრთოვანა, თქვა, ამ ანსამბლს ინდოეთში მივიწვევო… ისტორიული­ ფაქტი მოხდა! სუხიშვილების ანსამბლი ნახევარი საუკუნის წინ იმყოფებოდა ინდოეთში საგასტროლოდ. მას შემდეგ აღარ ყოფილან და 2017 წელს ჰემა მალინის ორგანიზებით ინდოეთის ოთხ უდიდეს ქალაქში: დელიში, მუმბაიში, კალკუტასა და ჩენაიში სუხიშვილების ანსამბლის კონცერტები გაიმართა. ორი კვირის განმავლობაში ორმილიარდიან ქვეყანაში ყველა საინფორმაციო საშუალებაში, ქუჩებში, ბილბორდებზე, გაზეთებში, ინტერნეტსივრცეში, საქართველოსა და სუხიშვილების ანსამბლის კონცერტების შესახებ ინფორმაციას მოისმენდით და ნახავდით. დარბაზები გადაჭედილი იყო, კონცერტებს ესწრებოდნენ ბოლივუდის ვარსკვლავები, ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, ცნობილი პოლიტიკოსები და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე დიდი კულტურული პროექტი საქართველო-ინდოეთის კულტურული ურთიერთობების ისტორიაში არც მანამდე ყოფილა და ჯერჯერობით არც არის. ეს იყო ორი ქვეყნის კულტურის შერწყმა. ყოველი კონცერტის ფინალში ჰემა მალინი სცენაზე გამოდიოდა და ანსამბლის მოცეკვავეებთან ერთად ცეკვავდა. იმპროვიზებულად დადგა ერთი პატარა ცეკვა.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს­ გავიხსენებ: სანამ ინდოეთში სუხიშვილების ანსამბლის გასტრო­ლები იქნებოდა, ორი კვირით ადრე ჰემა საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვია – გადაწყვიტა “ბლექ სი არენას” სცენაზე სუხიშვილების ანსამბლის კონცერტს დასწრებოდა. ბათუმამდე ფრენა არ იყო და ამხელა გზაზე მანქანით ჩავედით.­ ვისადილეთ, კონცერტს დავესწარით და მეორე დღის დილის ექვს საათზე უკვე უკანა გზაზე ვიყავით, რადგან დღის პირველ საათზე ინდოეთში მიფრინავდა. მხოლოდ ერთი დღით ჩამოვიდა კონცერტზე დასასწრებად და ეს ერთი დღეც გზაში გაატარა, რაც ახალგაზრდებსაც გაუჭირდებოდათ.

zita2-1667752958.jpg

– ჰემა მალინს საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

– სოციალურ ქსელში ორი საათით ადრე დავწერე, რომ დღის სამ საათზე ვინც კინოთეატრ “ამირანში” მოვიდოდა, ცოცხალ ლეგენდასთან შეხვედრა ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ პროტოკოლში არ ეწერა, როგორც კი ვუთხარი, რომ კინოთეატრში მისი თაყვანისმცემლები ელოდნენ, არც დაფიქრებულა, ისე წამოვიდა. თაყვანისმცემლების ჰემა მალინთან შეხვედრა რაც იქნებოდა, თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, მართლაც დაუვიწყარი დღე იყო! ქართველმა თაყვანისმცემლებმაც უხვად დააჯილდოეს და მის სახლში ბევრი რამაა ქართული. მეც ყოველ შეხვედრაზე მასთან ქართული საჩუქრით მივდივარ.

zita3-1667752958.jpg
ჰემა მალინი სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავეებთან ერთად

 

– რამდენი წლის არის ჰემა მალინი?

– 16 ოქტომბერს მას 74 წელი შეუსრულდა.­ ამ ქალს წლებმა ვერაფერი დააკლო. ის ჯანსაღი ცხოვრების წესს, იოგას მიჰყვება­ და ვეგეტარიანელია. დღემდე ცეკვავს, ახლაც კი იმართება მისი კონცერტები.

მისი მეუღლე დჰარმენდრაც ინდური კინოს ლეგენდაა. თითქმის ყველა ფილმში­ ის ჰემა მალინის პარტნიორი იყო. ინდოელებისთვის ეს ეკრანული წყვილი ყველაზე საყვარელი წყვილია. ორი ქალიშვილი ჰყავთ: იშა და აჰანა. ორივე შესანიშნავად ცეკვავს. უფროსი ქალიშვილი, იშა დეოლი, მშობლების კვალს გაჰყვა და მაყურებელმა ისიც რამდენიმე ფილმში იხილა.

დღეს ჰემა მალინი ინდოეთის ცოცხალი ლეგენდა და როგორც მაყურებელმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში შეარქვა, “ოცნების ქალია”. ის ამ ტიტულს დღემდე ღირსეულად ატარებს.

ჰემა მალინი საქართველოს მხარდაჭერას ყოველთვის გამოხატავს. მაგალითად, პანდემიის პერიოდში მან ვიდეომიმართვა გამოგვიგზავნა.

საქართველოში ინდოეთის საელჩო არ არის, ჩვენ გვემსახურება საელჩო, რომელიც სომხეთშია. ამიტომ ჰემა მალინი ბოლო რამდენიმე წელია ცდილობს საქართველოში ინდოეთის საელჩო გაიხსნას. პარლამენტის სხდომაზე ინიციატივითაც კი გამოვიდა, პირადად მისწერა წერილი საგარეო საქმეთა­ ყოფილ და ახლანდელ მინისტრებს. ძალიან მონდომებულია ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობა, კულტურული ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს. საქართველოში მალე გაიხსნება ინდოეთის საელჩო, ამაზე სამთავრობო სტრუქტურები, ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები და საქართველოს საელჩო ინდოეთში და პირადად ელჩი, ბატონი არჩილ ძულიაშვილი მუშაობენ, მაგრამ მინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ამ საქმეში ჰემა მალინის უდიდესი წვლილიც არის.

kvirispalitra.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share