“თუ რუსეთის დაშლაზე მიდგა საქმე, ეს გარედან არ მოხდება”

როგორ და როდის შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი და რა მოჰყვება ომის ფინალს რუსეთისთვის? – ამ თემაზე სასაუბროდ ექსპერტ მამუკა არეშიძეს დავუკავშირდით:

– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ზამთარს ვინ როგორ გადაიტანს. უკრაინაზე­ თუ ვილაპარაკებთ, იქ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც უკრაინას,­ განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, გაუჩნდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსებმა მიზანმიმართულად შეუტიეს ქვეყნის ინფ­რასტრუქტურას, ენერგომომარაგებისა და გაზმომარაგების სტრუქტურებს, სწორედ მოსახლეობისთვის მაქსიმალური დისკო­მფორტის შესაქმნელად, რათა ისინი დაპირისპირებოდნენ თავიანთ ხელისუფლებას. უკრაინაში ცივი ზამთარი იცის და ხვდებით, ალბათ, რა რთულ მდგომარეობაში ჩავარდება მოსახლეობა არა მარტო კიევში, რომელიც სანახევროდ ჩაბნელებულია, არამედ სხვა ქალაქებშიც.

დღეს მორალური და ხარისხობრივი უპირატესობა უკრაინის მხარესაა. ეს აშკარაა. სერიოზული სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია რუსეთშიც. ქვეყანაში ძლიერდება ხალხის უკმაყოფილება…

მოდი, განვიხილოთ ასეთი სცენარი – იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მარცხი გაგრძელდა ზამთრის შემდეგაც, უნდა ვიცოდეთ, რა უნდათ მხარეებს. რუსეთის ამოცანა გასაგებია, სურს როგორმე შეინარჩუნოს მოპოვებული­ – თვითაღიარებული რეგიონები და მათთან ახლოს მყოფი ბუფერული­ ზონები, იმიტომ, რომ საბოლოოდ კიევის აღება, დენაციფიკაცია და ასე შემდეგ ვერ შესრულდება. უკრაინული მხარის ამოცანაა მთელი ტერიტორიის გაწმენდა რუსული არმიისგან და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. რაც შეეხება კოლექტიურ დასავლეთს, აშშ-ს, მათი ამოცანაა რუსეთის მაქსიმალურად დასუსტება, რუსეთის გადაქცევა მათ მიმართ ლოიალურად განწყობილ სახელმწიფოდ, რათა მომავალში­ რუსეთის ტერიტორია და პოლიტიკური თუ სამხედრო პოტენციალი ჩინეთის წინააღმდეგ გამოიყენონ. აქედან გამომდინარე,­ როგორც 90-იანების დამდეგს დასავლეთს მიზნად არ ჰქონია საბჭოთა კავშირის დაშლა, ისე არა აქვს ახლაც – ის ქაოსი, რომელიც შეიძლება დატრიალდეს რუსეთის დაშლის შემთხვევაში მიუღებელია. მაგრამ ეს პროცესი მაინც მიმდინარეობს – რუსეთში შიდა რყევებია.

kvirispalitra.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share