სააკაშვილმა სასჯელი კანონის შესაბამისად უნდა მოიხადოს – არჩილ თალაკვაძე

სააკაშვილმა სასჯელი კანონის შესაბამისად უნდა მოიხადოს. თუ დღეს კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ იქნება, ხვალ ჩვენ მახინჯი მართლმსაჯულება გვექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაძაბულობის შესაქმნელად ჩამოვიდა.

„დეპოლარიზაცია არის პოლიტიკური საკითხი, სააკაშვილის საკითხი არის მართლმსაჯულების საკითხი. ამ ორის აღრევა ერთმანეთში ზუსტად წინა ხელისუფლების პრობლემა იყო და ევროპა არასდროს დაუშვებს პრინციპების დონეზეც კი, რომ რომელიმე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოში პოლიტიკამ სასამართლოს და მართლმსაჯულებას უკარნახოს, თუ ვინ დაიჭიროს და ვინ -არა. ეს უბრალოდ არის ანტიევროპული. ასეთი რამ ევროპაში არ არსებობს, რომ იმისათვის, რომ პოლიტიკოსებმა ერთმანეთში დაძაბულობა შევამციროთ, მოდი ესა და ეს პატიმრები გათავისუფლდნენ,” – აღნიშნავს თალაკვაძე,

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ქართულ პოლიტიკაში იმიტომ ვერ აქტიურობს, რომ მისმა მეგობრებმა დაინახეს, ის სინამდვილეში ლიდერი არ არის.

„თქვენ იცით, სააკაშვილი დღეს თავის პარტიაში და პოლიტიკაში რატომ ვერ აქტიურობს? იმიტომ რომ მისმა მეგობრებმა დაინახეს, რომ ის სინამდვილეში ლიდერი არ არის. მათ სასჯელი კანონის თანახმად მოიხადეს, არც ერთს არ აუტეხავს ასეთი ამბავი, ამდენი მანიპულაცია და სიცრუე არ გამოუფრქვევიათ. ხედავენ რომ მათი ლიდერი, რომელმაც მაგალითი უნდა მისცეს ყველას, ამბობს, რომ მე პატიმრობაში ვერ ვძლებ და როგორმე გამათავისუფლეთო.

თქვენ გახსოვთ, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური მოლაპარაკებების შემდეგ ორი ოპოზიციონერი შეიწყალა. ორივე შეიწყალა და ერთი გამახსენეთ მას მერე რა მოხდა? სად შემცირდა პოლარიზაცია? სააკაშვილთან შედარებით ისინი ბევრად უფრო დაბალი პოლიტიკური წონის ლიდერები იყვნენ. ამის შემდეგ იყო ყველაფერი – რვათვიანი ბოიკოტი, ქუჩის პოლიტიკა, თავდასხმები ინსტიტუტებზე. ჩვენ რომ პრინციპულად სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა, დღეს ქვეყანა არეულობის რეჟიმში იქნებოდა. შესაბამისად, ეს არის „ბლეფი”, რომ ვინმეს გათავისუფლება პოლარიზაციას შეამცირებს,” – აცხადებს თალაკვაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share