ხვალ მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, ეს აღარ არის მხოლოდ გაცვეთილი ფრაზა. ამ სიტყვების რეალურობაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით. კრიმინალთან გაგებით მოკიდების 10 წლისთავზე გაუპატიურება, მკვლელობა, ფემიციდი, ბავშვებს შორის სისხლიანი გარჩევები და ყაჩაღობა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა.
ერთი კვირის წინ ჩვენ გადაცემა იმით დავიწყეთ, რომ 14 წლის ბიჭი მისივე თანატოლმა დანით მოკლა. გასული შვიდი დღის განმავლობაში კი ერთმანეთზე უფრო სასტიკი მოვლენები განვითარდა. ჯერ ქმარმა ყოფილი მეუღლე არაადამიანური სისასტიკით მოკლა, და ამაში მას ხელი ვერ შეუშალა შემაკავებელმა ორდერმა. შემდეგ ორი ნასამართლევი მამაკაცი დედა მონასტერს დაესხა თავს, 70 წლის მონაზონს უმძიმესი ფორმებით გაუსწორდა.
ვიდრე თვითგვემას მივეცემით და იმაზე მარჩიელობას დავიწყებთ, რა უბედურება დაგვემართა საზოგადოებას, უნდა გავიხსენოთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე. გასაგებია, რომ ცალკეული კრიმინალის წინასწარი შეკავება მოსთხოვო ხელისუფლებას, მოკლებულია ლოგიკას. მაგრამ, როცა სახეზეა ჩამოყალიბებული ტენდენცია, როცა სიკვდილი, სისხლი და ძალადობა ხდება ყოველდღიურობა, ე.ი. პრობლემა სისტემურია და ხელისუფალი თავს ვერ ართმევს იმ დავალებას, რომელიც მას საზოგადოებამ მისცა. თითოეული მოქალაქისთვის, ჩვენი შვილებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაცაა და ვალდებულებაც.
და როცა ეს უსაფრთხოება მიღწეული არ არის, როცა სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური ფუნქცია მოშლილია, ე.ი. ხელისუფლება არ აკეთებს თავის გასაკეთებელს. მაგრამ ჩვენ თუ ვაკეთებთ ჩვენს გასაკთებელს? რატომ არ ვთხოვთ კატეგორიულად ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს? რატომ არ ვწერთ ადეკვატურ კანონებს? რატომ არ ვემიჯნებით ძალადობას მკაფიოდ? და რატომ ვართ ჩუმად, როცა სიტყვა ძალადობის შემდეგ მავანი ისევ სიტყვა “მაგრამს” ჩააკვეხებს და ამით მოძალადის გამართლებას დაიწყებს?
მთავარი არხი