„ფასი და ჯარიმები თუ არ გავზარდეთ, ენერგეტიკა აღარ გვექნება,“ – აფხაზური „ჩერნომორენერგო“ მასშტაბურ ცვლილებებს ითხოვს

მისი თქმით, ენგურჰესში შედინება, თითქმის, არ ხდება, ხოლო მშრალი ზაფხულის გამო წყალმა მაქსიმალურ დონეს, 495 მეტრს ვერ მიაღწია.

„თავის დროზე სადგური აშენდა არა ისეთი მიზნებისთვის, როგორიც არის აფხაზეთის ელექტროენერგიის სრული მიწოდება, არამედ დამხმარე ელექტრომომარაგებისთვის. ენგურჰესი გამოიყენებოდა, როგორც სარეზერვო საშუალება, დღეს კი ჩვენ მთლიანად მასზე ვსხედვართ,“ – აცხადებს ტიმურ კაცია.

ამასთან, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. „ჩერნომორენერგოს” მეორე ჩინოვნიკის, ოპერატიულ-ტექნოლოგიური მართვისა და რეჟიმების დირექტორის, რუსლან კვარჩიას მონაცემებით, თავიდან მოხმარება 238 მეგავატს შეადგენდა, შემდეგ 250-ს, 340-ს, ხოლო კრიპტომაინინგის დაწყებისთანავე მკვეთრად გაიზარდა და ათას მეგავატს მიაღწია. ზაფხულში ელექტროენერგიის მოხმარება, დაახლოებით, 6-6,5 მლნ კვტ/სთ-ია, ზამთარში კი 10-11 მლნ კვტ/სთ-მდე იზრდება. ეს იმას ნინშნავს, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გათბობაზე აფხაზები 5 მილიონ კვტ/სთ-მდე ხარჯავენ. დღეის მდგომარეობით, როცა განსაკუთრებული ცივი ამინდები ჯერ არ დამდგარა, მოხმარებამ უკვე 8,2 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ამის მიზეზად კვარჩია აფხაზეთში ელექტროენერგიის სხვა ალტერნატივის, მაგალითად, ბუნებრივი გაზის არარსებობას ასახელებს.

„ჩვენი ენერგეტიკული სისტემა მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან შემოდინების წყალობით ფუნქციონირებს,“ – აცხადებს რუსლან კვარჩია იმავე „აფხაზია-ინფორმთან“ ინტერვიუს დროს.

კვარჩია გამოსავლად კვტ/სთ-ზე ამჟამინდელი ფასის, 70-90 კაპიკიდან (3-4 თეთრი) 2,7 რუბლამდე (დაახლოებით, 11-12 თეთრი) გაზრდასა და გადაუხდელობის ჯარიმების გამკაცრებას მიიჩნევს, „წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზური ენერგეტიკა უბრალოდ აღარ იარსებებს.“ მისი მონაცემებით, სწორედ 2,7 რუბლამდე (11-12 თეთრი) ჯდება ენგურჰესიდან მომხმარებლამდე ელექტროენერგიის მიწოდება და აფხაზეთის ენერგოსისტემის შენარჩუნება, რისი ამოღებაც აბონენტებისგან ამჟამად არ ხდება. ფიზიკური პირების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე საფასურის გადახდა 35%-ს არ აღემატება.

„ტარიფები თვითღირებულებამდე მაინც უნდა გავზარდოთ, რომ არაფერი ვთქვათ მოგებაზე, ეს უნდა გაკეთდეს ეტაპობრივად, ყოველწლიურად,“ – ამბობს რუსლან კვარჩია.

მისი მონაცემებით, აფხაზეთს 2,7 მილიარდ რუბლის (42 930 401 დოლარის) ოდენობის მრიცხველები სჭირდება. ეს თანხა მოიცავს როგორც მრიცხველს, ისე მის მონტაჟს, ასევე, ხაზების, ტრანსფორმატორებისა და ბოძების შეცვლას, რადგან ერთ მეტრზე მრიცხველის დაყენების თვითღირებულება შესაძლოა, 3-დან 40 ათას რუბლამდე (48-დან 636 დოლარამდე) ვარირებდეს.

როგორც ცნობილია, აფხაზეთში 1-ლი ოქტომბრიდან აჩგუარას მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის რეაბილიტაცია მიმდიარეობს. თუმცა კვარჩია ამბობს, რომ ცალკეული ხაზების შეკეთება საქმეს ვერ უშველის. მისი თქმით, „თუ დღეს აჩგუარა შეკეთდება, რომელიც 1964 წლის დროინდელი ხაზია, ხვალ შესაძლოა, მწყობრიდან ოჩამჩირის ხაზი გამოვიდეს, რომელსაც, ასევე, დიდი ხანია, ვადა გაუვიდა და ნახევარი აფხაზეთი ისევ ელექტროენერგიის გარეშე დარჩება“.

ყველაფერი უნდა შეიცვალოს და, ფაქტობრივად, ახალი ხაზები უნდა აშენდეს ენგურჰესიდან ფსოუმდე,“ – ამბობს რუსლან კვარჩია.

მისი მონაცემებით, მხოლოდ იმისთვის, რომ დაზღვევის მიზნით ფსოუს მიმართულებით პარალელური, მეორე ხაზი აშენდეს, 5 მლრდ რუბლი (79 498 582 დოლარი) არის სჭირო, მაშინ, როცა 2016 წელს შემუშავებული ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიზნობრივი პროგრამის მიხედვით, რეაბილიტაციისთვის სულ 6 მლრდ რუბლია (95 382 960 დოლარია) გათვალისწინებული.

„ჩვენ უნდა ავაშენოთ პარალელური ელექტროგადამცემი ხაზები და ახალი ქვესადგურები, გავზარდოთ ტრანსფორმატორული სიმძლავრე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება უზრუნველყოფილი ელექტრომომარაგების საიმედოობა,“ – აცხადებს კვარჩია.

რაც შეეხება კრიპტომაინინგს, „ჩერნომორენერგოს“ და ენგურჰესის სპეციალისტების გამოთვლით, მაინინგზე საათში, დაახლოებით, 50-70 მეგავატი იხარჯება. ამ მხრივ აფხაზი სამართალდამცავების მუშაობით ტიმურ კაცია უკმაყოფილოა, რადგან თუ ადრე ისინი მსხვილ მაინინგფერმებს ავლენდნენ, ახლა ეს მეტად იშვიათად ხდება. მისი თქმით, მაინინგაპარატურა კერძო ოჯახებზე გადანაწილდა. უფრო მეტიც, სასტუმროს ობიექტები, რომლებიც ზამთარში, ჩვეულებრივ, უმოქმედოა, ამ სეზონზეც იმავე რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარენ, როგორც ზაფხულში, რადგან როგორც ნომრების შემოწმების დროს გამოვლინდა, ბევრ მათგანში მაინინგმოწოყობილობები აღმოჩნდა.

აფხაზეთის ენერგოსისტემაში არსებულ პრობლმებს კორუფციული გარიგებებიც ემატება. კერძოდ, აჩგუარას მაღალი ძაბვის ხაზის რეაბილიტაციაზე ფულის კეთებაში სწორედ „ჩერნომორენერგოს“ ადანაშაულებენ. ამ ბრალდებით გასულ თვეში ოპოზიციური „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ თავმჯდომარე, ადგურ არძინბა და ე.წ. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, გარი კოკაია გამოვიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ შეძენილი აღჭურვილობისა და მასალის ხარჯთაღრიცხვაში „ჩერნომორენერგოს“ ფასები 2-3-ჯერ აქვს გაზრდილი. არძინბა-კოკაიამ თავიანთი ბრალდებების დამადასტურებლად შეძენილი მასალის სია წარადგინეს, რომლის ყოველი 70 პუნქტიდან თითოეულზე ფასები, დაახლოებით, 2-3-ჯერ არის გაზრდილი.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share