ქართველი ჟურნალისტი, დამოუკიდებელი მედიაპლატფორმა „მთის ამბების“ (Mountain Stories) დამფუძნებელი გელა მთივლიშვილი შვეიცარიაში პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს, Albert Mountain Award 2026-ის გამარჯვებული გახდა.
მეფე ალბერტ I-ის მემორიალური ფონდი ორ წელიწადში ერთხელ აჯილდოებს ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც განსაკუთრებული და ხანგრძლივი წვლილი შეაქვთ მსოფლიოს მთიანი რეგიონების განვითარებაში, დაცვასა და მათი ბუნებრივი თუ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ჯილდო გელა მთივლიშვილს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ხალხის მძიმე საცხოვრებელი პირობების, ბუნებრივი საფრთხეების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების უშიშარი, სისტემური და პრინციპული გაშუქებისთვის გადაეცა.
2026 წელს Albert Mountain Award-ის ოთხი ლაურეატი გამოვლინდა. გელა მთივლიშვილთან ერთად ჯილდო მიენიჭათ: ფრანგ მთის მაშველ მარიონ პუატვენს (Marion Poitevin), შვეიცარიელ ფოტოგრაფ რობერტ ბოშს (Robert Bösch) და სათხილამურო მარშრუტების დაგეგმვის პლატფორმა skitourenguru.com-ის დამფუძნებელ გიუნტერ შმუდლახს (Günter Schmudlach).
დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 23 ოქტომბერს, შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში, შვეიცარიის ალპურ მუზეუმში (ALPS – Alpines Museum der Schweiz) გაიმართება.
Albert Mountain Award მსოფლიოს მთის საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და მაღალი რეპუტაციის აღიარებად ითვლება. მის ისტორიაში ჯილდო სხვადასხვა დროს მიუღიათ ალპინისტებს, მეცნიერებს, გარემოს დამცველებს, მწერლებს, ფოტოგრაფებსა და ჟურნალისტებს – მათ შორის, ჰიმალაის ექსპედიციების ცნობილ მემატიანე ელიზაბეთ ჰოლის (Elizabeth Hawley), მკვლევარსა და ავტორ ჰარიშ კაპადიას (Harish Kapadia), შვეიცარიელ ჟურნალისტ იურგ ფრიშკნეხტს (Jürg Frischknecht) და დოკუმენტალისტებს: ფულვიო მარიანისა (Fulvio Mariani) და მარიო კაზელას (Mario Casella). აღსანიშნავია, რომ Albert Mountain Award-ის ისტორიაში ეს ჯილდო პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში აქამდე არავის მიუღია.
ჯილდო დაწესებულია ბელგიის მეფე ალბერტ I-ის (1875–1934) პატივსაცემად. მონარქი ცნობილი იყო მთისა და ალპინიზმისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. ის 1934 წელს, ბელგიაში, მარშ-ლე-დამის (Marche-les-Dames) კლდოვან მასივზე ცოცვისას უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მეფის გარდაცვალების შემდეგ, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად დაარსდა მემორიალური ფონდი, რომელიც მიზნად ისახავს მთიანი სამყაროს პოპულარიზაციას, ბუნების დაცვასა და იმ ადამიანების დაფასებას, ვინც თავისი საქმიანობით მთას ემსახურება.
„მთის ამბები“ წელს, დეკემბერში 10 წლის ხდება. რთულ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოში, „მთის ამბები“ უკვე წლებია საქართველოს მთიანი რეგიონებისთვის შეუცვლელი ხმაა. ჟურნალისტური გამოძიებები და რეპორტაჟები, რომლებიც ბუნებრივ კატასტროფებს, ეკოლოგიურ საფრთხეებს, ადამიანის უფლებებს, კორუფციას და რეგიონულ გამოწვევებს ეხება, არაერთხელ გახდა საზოგადოებრივი ცვლილებების ბიძგი.
Mtisambebi.ge
„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს „საქართველოს ამბები“.








