21 ტომი საქმის მასალები და 30-მდე მოწმე – რამდენ ხანს გაიწელება სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილება მიღება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს, 12 საათზეა დანიშნული.  საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული, რომელზეც განაჩენი ჯერ არ დამდგარა. 

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.  

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს სურს, ფიზიკურად დაესწროს სასამართლო სხდომებს, თუმცა  კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ამბობს, რომ არ გასცემენ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე ფიზიკურად დასწრების მიზნით გადაყვანის რეკომენდაციას. მისი თქმით, მათ არასდროს გაუციათ მსგავსი რეკომენდაცია კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებზე და არც ახლა აპირებენ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე და შესაძლოა თუ არა 9 იანვარს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას, უცნობია. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ საუბრისას გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მოსამართლე პროცესებს დროში გაწელავს, რადგან ხელისუფლებას ჯერჯერობით სააკაშვილის ციხიდან გაშვება გადაწყვეტილი არ აქვს. ამიტომ სასამართლო მათთვის ერთგვარი კოზირია, რომელსაც როგორც უნდათ ისე გამოიყენებს.

რამდენ ხანს შეიძლება სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაგრძელდეს 

რაც შეეხება საქმის მასალებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მის ადვოკატებს სასამართლოში 21 ტომი საქმის მასალა აქვთ წარდგენილი. როგორც  სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე ჩვენებას 30 მოწმე მისცემს, რასაც შესაძლოა, 5 სხდომაც კი დასჭირდეს.

ასევე ადვოკატი ამტკიცებს, რომ სასამართლო პროცესების გაწელვის მიზნით იუსტიციის სამინისტროს დასაკითხ მოწმეთა სიაში საავადმყოფოს დამლაგებლებიც კი შეჰყავს. ასევე აღსანიშნავია, რომ 2 პროცესი უკვე ჩატარდა, სადაც 3 მოწმის დაიკითხა. 9 იანვარს კი მოსამართლე „ვივამედის“ ექიმებს დაკითხავს.

ვინ არიან სხვა მოწმეები, ამას ადვოკატები არ ასაჯაროვებენ და ამბობენ, რომ საქმიდან გამომდინარე ასე სჯობს და საზოგადოება ამას ნელ-ნელა სასამართლო პროცესებიდან შეიტყობს. თუმცა ხაჭაპურიძე მოსამართლეს მოუწოდებს, რომ სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში ჩაატაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პროცესი თვეობით გაგრძელდეს, რადგან ერთ სხდომაზე მოსამართლე მხოლოდ 2 ან 3 მოწმის დაკითხვას ახერხებს.

„რამდენად შევძლებთ ყველა მოწმის დაკითხვას… ჩემი აზრით, ყველა მოწმე მნიშვნელოვანია, რადგან უნდა გავითვალისწინოთ სასამართლო პრაქტიკა, მით უმეტეს, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამბობს, რომ ყველა ექსპერტი უნდა იქნას დაკითხული. ჩვენი ამოსავალი წერტილი იქნება პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებთ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და თუ მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი, ბუნებრივია, შედეგსაც ვერ მივიღებთ.

„21 ტომი საქმე არის მარტო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი. 30 მოწმეა. ჩვენ შეგვიძლია ინტენსიურად, ანუ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშაოთ. სასამართლოდან ახლა უნდა მომაწოდონ მეორე მხარის მიერ წარდგენილი მასალები, იქაც რამდენიმე ტომია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

რა შემთხვევაში შეიძლება  სააკაშვილმა ციხე დატოვოს

ანალიტიკოსი ვატანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროესები გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფება არ ჩათვლის, რომ მის სიცოცხლეს რეალურად საფრთხე ემუქრება. როგორც მან „რეზონანსს“ განუცხადა, ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობს სააკაშვილს ქართულ ციხეში რამე დაემართოს. ამიტომ, მისი ვარაუდით, ეს პროცესები დროში გაიწელება.

„ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ სააკაშვილის საკითხი გადაჭრას. მართალია, ევროპარლამენტარების გარკვეული ჯგუფი აქტიურობს, დაქირავებული ჰყავთ ლობისტური ჯგუფები და ა.შ., მაგრამ ვხედავთ, რომ საზოგადოებაში სააკაშვილის თემა აქტუალური არ არის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 2/3-ს სააკაშვილის ბედი არ ანაღვლებს, ან არ აინტერესებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოსახლეობის დიდ ნაწილში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება არსებობს, სააკაშვილის მიუღებლობა უფრო დიდია. ეს ხელისუფლებამ იცის, ამიტომ ფიქრობს, რომ ქვეყნის შიგნით სიმშვიდე გარანტირებული  ექნება. გარედან კიდევ ევროპის ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლებების მხრიდან რაიმე განსაკუთრებულ ზეწოლას ამ მიმართულებით ჯერ ვერ ვხედავ. ფაქტიურად შავ ზღვაში ელექტროსადენის კაბელის ჩადებამ სააკაშვილის პრობლემა  უფრო გადაწონა.

„ამიტომ ქვეყნის შიგნით რაიმე განსაკუთრებულ რყევებს და საპროტესტო მუხტს არ ველი. „ნაციონალურ მოძრაობასაც“ პარტიის შიგნით სიტუაცია იმდენად მძიმე აქვთ, რომ სააკაშვილის თემის გარშემოც კი კონსოლიდაციას ვერ ახერხებენ. ენმ-ს საკუთარი ამომრჩეველიც კი დაექსაქსა. „ნაციონალებმა“ შიდა აქტიურობა რა ფომითაც არ უნდა სცადონ, ეს არ იმუშავებს. ხელისუფლებას ვერ აიძულებს რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადადგას.

„ხელისუფლებას ოპოზიციასთან ურთიერთობა ძალიან კარგად აქვს დალაგებული. ენმ და სხვა პარტიები ვერაფერს ახერხებენ იმისთვის, რომ ხალხი ხელისუფლების  წინააღმდეგ გამოიყვანონ. უბრალოდ, თუ საგარეო ფაქტორმა არ მოახდინა რაიმე სერიოზული გავლენა, მაშინ სააკაშვილის გათავისუფლება ან ქვეყნიდან გაყვანა ნაკლებად მოსალოდნელია. არ ვიცი პრეზიდენტი ზურაბიშვილი რას და როგორ აპირებს, მაგრამ როგორც ვიცი, მისი შეწყალებითაც სასჯელისგან ბოლომდე ვერ გათავისუფლდება“, – ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებისთვის ახლა სასამართლო ყველაზე კარგი კოზირია, რომლის მეშვეობითაც სააკაშვილთან დაკავშირებით საქმის ისე გადაწყვეტა შეუძლია, როგორც მას აწყობს. ჩიტაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლება ჯერ პროცესებს გაწელავს, დროში დააკვირდება ქვეყნის შიგნით ან მის გარეთ მოვლენები როგორ განვითარდება და ამის მიხედვით იმოქმედებს.

„მგონია, რომ ხელისუფლება სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის გადაწყვეტილებას უკიდურეს შემთხვევაში მიიღებს და ეს იქნება მაშინ, თუკი ისინი ჩათვლიან, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჯერ როგორც ვხედავთ ასე არ ფიქრობენ. ყოველ შემთხვევაში მათი განცხადებებიდან ასე ჩანს. ახლა სასამართლო მათთვის ყველაზე კარგი საშუალებაა როგორც თავის დაზღვევისთვის, ასევე იმისთვის, რომ დრო გაწელონ. ამ დროში კი შეხედავენ მოვლენები ქვეყნის გარეთ და შიგნით როგორ განვითარდება. ამის მიხედვით გადაათამაშებენ სასამართლოს კოზრს.

„სამწუხაროდ, არ ველი, რომ მოსამართლე რამე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი და ამ დროს გამოიკვეთება რეალურად აპირებს თუ არა ხელისუფლება ქვეყნიდან მის გაყვანას.

„ბევრი რამ ისევ დასავლეღიდან ზეწოლაზე იქნება  დამოკიდებული. ხელისუფლება რით და რაზე ივაჭრებს სააკაშვილით, ალბათ გაირკვევა. არ გამოვრიცხავ, რომ მას რაღაცისთვის ინახავდნენ და ფიქრობენ, რომ ეს რაღაც მათთვის  პოლიტიკურად მომგებიანი უნდა იყოს. ამ ეტპზე ამას ვერ ხედავენ. ამიტომ მოლოდინი არ მაქვს, რომ სასამართლოზე რამე გადაწყდება“,-ამბობს ჩიტაძე.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share