“ბუბა კიკაბიძე ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი შოუ-მენი იყო.. გულდაწყვეტით და სიმწარით უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ” – ნიკა გვარამია

“ბუბა კიკაბიძე ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი შოუ-მენი იყო… დიდი სიყვარულით, გულდაწყვეტით და სიმწარით, რომ უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ” – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილში წერს და ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება:

არავითარი ელიტურობა, არავითარი “მეფის ნავში ჯდომა”, არც ხუთოქტავიანი დიაპაზონი ან რამე მსგავსი – ის ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი შოუ-მენი იყო და მისი მთავარი ძალა უბრალო ხალხის სიყვარული იყო. სიკვდილის წინაც ამას გაუსვა ხაზი – “დამკრძალეთ დედისა და ცოლის გვერდით”. და კრძალავენ კიდეც ვერის სასაფლაოზე, საოჯახო საძვალეში. მხოლოდ უზომოდ მასზე შეყვარებული ხალხი გააცილებს, უზომოდ ბევრი. არავითარი დაფა-ზურნა და დამკრძალავი კომისიები. გაასვენებენ და დაკრძალავენ, როგორც ნამდვილ სახალხო გმირს. კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ მისი ხრინწიანი თბილი ხმა, ფენომენალური არტისტულობა და პლასტიკა, გულის გამთბობი ღიმილი და უბრალოება. არ დაავიწყდებათ არც ის, ყველაზე კონფორმისტულ სფეროში მოღვაწემ, საკუთარი მაგალითით როგორ გვაჩვენა, რომ არტისტს მარტო ხალხის სიყვარულის ფუფუნება კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ სწორი და მართალი სამოქალაქო პოზიცია. რომ ეს პოზიცია ჩუმად კი არ უნდა ატაროს, არამედ საჯაროდ გამოხატოს და რომ ესაა სწორედ სამშობლოსა და ხალხის მსახურება.

RIP ბუბა კიკაბიძე. დიდი სიყვარულით, გულდაწყვეტით და სიმწარით, რომ უკანასკნელ გზაზე ვერ გაცილებ, – წერს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის, ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share