ბოსტნეული-26%-ით, პური 23%-ით, შაქარი 12%-ით გაძვირდა – საქსტატის მონაცემები

2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0,8% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 9,4%-ია. ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, ფასების ყველაზე დიდი ზრდა შეინიშნება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ნაწილში, რომელიც 15%-ით გაზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 5,03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა 26,5%-ით;

პური და პურპროდუქტების ფასებმა მოიმატა 22,8%-ით;

ყავა, ჩაი და კაკაო გაძვირდა 17,1%-ით;

რძე, ყველი და კვერცხი – 16,7%-ით;

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 16,5%-ით;

თევზეული 13,0%-ით;

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული გაძვირდა 12,4%-ით;

ხორცი და ხორცის პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა 8,7%-ით;

ზეთი და ცხიმი გაძვირდა 4,7%-ით;

13,1%-ით გაიზარდა ფასები საცხოვრებელი, წყლის, ელ.ენერგიისა და აირის სექტორში: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე გაიზარდა 40%-ით, ხოლო საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება გაძვირდა 9,1%-ით.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5,2%-ით, რაც 0,63 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე: ფასები 18,5%-ით მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე, ხოლო პირადი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია (გამოყენება) გაძვირდა 2,8%-ით. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალების შეძენაზე, სადაც კლებალ 2,5% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ წლიური ინფლაციის ნაწილში კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ახლანდელი 9,4% 3-ჯერ უფრო მეტია ვიდრე საქართველოს ეროვნული ბანკის სამიზნე, რომ ინფლაცია 3%-ამდე შემცირდეს.

ინტერპრესნიუსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share