ოთხი ევროპარლამენტარი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პეტრას აუსტერვიჩუსი, მირიამ ლექსმანი, მარკეტა გრეგოროვა და ანდრიუს კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობისადმი “ქართული ოცნების” ხელისუფლების ინდიფერენტული დამოკიდებულების გამო იმედგაცრუებასა და წუხილს გამოთქვამენ.
ევროპარლამენტარები წერენ, რომ იყო ევროპელი, ნიშნავს, ევროპული ფასეულობებისა და იდეალების ერთგულებას, რასაც ამჟამად საქართველოში ვერ ხედავენ.
“გამოვთქვამთ ღრმა იმედგაცრუებას და სინანულს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებისა და საქართველოს ხელისუფლების გულგრილობის გამო.
ევროპარლამენტმა 2022 წლის 9 ივნისის რეზოლუციაში გამოხატა შეშფოთება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და მოითხოვა მისი გათავისუფლება ჰუმანიტარული ნიშნით, რათა მას მიეღო სათანადო სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ. მას შემდეგ ეს შეშფოთება კიდევ არაერთხელ გამოვთქვით.
ჩვენ ვაღიარებთ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. იყო ევროპელი, ნიშნავს, ევროპული ფასეულობებისა და იდეალების ერთგულებას, რასაც ამჟამად ვერ ვხედავთ საქართველოში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, პატივი სცენ პრეზიდენტ სააკაშვილის ადამიანურ ღირსებას და დაიცვან მისი სიცოცხლე. მოგიწოდებთ, თავიდან აიცილოთ ტრაგედია, რომელიც ძირს უთხრის თქვენს ევროპულ მისწრაფებებს და გააჭიანურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას”.