ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში პუტინის დავალების შემსრულებელი გახდა. ამის თქმის საბაბს მას ოპოზიციონერთა განცხადებები აძლევს.
ჩხეიძე განსაკუთრებით გააბრაზა აკაკი ბობოხიძის განცხადებამ, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილი მისთვის, როგორც პოლიტიკოსი, დასრულდა.
რატომ აქციეს სააკაშვილს ყოფილმა თანაგუნდელებმა ზურგი და რაში გახდნენ ისინი პუტინის თანამოაზრეები?! – ამის შესახებ, თამარ ჩხეიძე „თაიმერს“ ესაუბრება:
– ჩემთვის, ძალიან გამაღიზიანებული და აღმაშფოთებელია, იმ ადამიანის კრიტიკა, რომელიც პუტინის პირადი პატიმარია. ზოგიერთი ოპოზიციონერი, დღეს, მიხეილ სააკაშვილზე ფაქტობრივად იმას იძახის, რასაც “ქოცების” ხელისუფლება ამბობს. როგორ შეიძლება იმის თქმა: “სააკაშვილმა თავის ჯანმრთელობას თავად უნდა მიხედოსო?!” “ქოცებიც” იგივეს ამბობენ, “ჭამოს და კარგად იქნებაო”. მე მაინტერესებს, ასეთ მდგომარეობაში მყოფმა, ფაქტობრივად, მომაკვდავმა ადამიანმა, როგორ უნდა მიხედოს საკუთარ თავს?! ყველაზე საწყენი ისაა, რომ სააკაშვილზე ამას ის ხალხი ლაპარაკობს, ვინც მასთან იყო. მაშინ, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახლდათ, ეს ხალხი მის ყველა გადაწყვეტილებას, სამართლიანს, თუ უსამართლოს მშვენივრად უჭერდა მხარს. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ისე წარმოაჩენს, თითქოს სააკაშვილმა, რაღაც უღირსი ჩაიდინა. ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს, მიშა ვერ უძლებს პატიმრობას.
– ამას ბევრი ამბობს, რომ მიშა პატიმრობას ვერ უძლებს…
– ეს აბსოლუტური სისულელეა! რაში გამოიხატება, რომ სააკაშვილი პატიმრობას ვერ უძლებს?! მიშას არ გაუკეთებია არცერთი ისეთი განცხადება, რაც მას ჩრდილს მიაყენებდა. ამათი ლოგიკით რა გამოდის, სააკაშვილი უნდა მოწამლონ, სასიკვდილოდ გაიმეტონ და ამან ხმა არ ამოიღოს?! სააკაშვილი ვალდებული იყო ემხილა ეს უკანონობა. ჩემთვის გაუგებარია, რას მოითხიოვს ოპოზიცია მისგან.
– ჩვენ, სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელები ვახსენეთ, რომლებიც წლების წინ, მის ყველა გადაწყვეტილებას მხარს უჭერდნენ. თქვენი აზრით, ახლა რატომ გაემიჯნნენ?! გამიჯვნაც გასაგები იქნებოდა, უძლურებაში მყოფი მესამე პრეზიდენტი ასე, რომ არ ელანძღათ და გაეკრიტიკებინათ…
– ამ ადამიანების ფსიქოანალიზს არ შევუდგები და ვერ ვიტყვი, რა არის მათი მამოძრავებელი. ფაქტი ისაა, რომ ისინი სააკაშვილის მიმართ მიუღებელ და არაადამიანურ საქციელს სჩადიან. პუტინის პატიმრობაში მყოფი ადამიანის დისკრედიტაციის მცდელობა უღირსი საქციელია. ისინი იმეორებენ ხელისუფლების ბრალდებებს სააკაშვილის მიმართ, გამოდის რომ მის წინააღმდეგ პუტინის დევნასაც იზიარებენ.
– მოდით, სააკაშვილის პარტიაზეც ვისაუბროთ. “ნაციონალურ მოძრაობაში” სერიოზული შიდა დაპირისპირებაა. ამაზე რას ფიქრობთ?!
– ძალიან მაწუხებს, ის, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება. ამის მიუხედავად, ამ პროცესებზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს მათი შიდა განხილვის საგანია და მათი საქმეა.
– დაპირისპირებული მხარეები აცხადებენ, რომ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლონ. შეძლებენ მის გათავისუფლებას?! ზოგიერთი “ვივა-მედის” კლინიკაში შეჭრას და მიშას გატაცებეასაც კი ფიქრობს…
– შეჭრის და მიშას მოტაცების მოწოდებები არარეალურად მიმაჩნია. რეალურიც, რომ იყოს, ეს მიშასთვისაც დამაზიანებელია და პარტიისთვისაც. შეძლებენ, თუ არა მიშას გამოხსნას, ამას ვერ გეტყვით. ამის მიღწევა ძალიან ძნელი იქნება. უმძიმესია იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ უკან დგას პუტინი. პუტინის ბრძანებაა, რომ სააკაშვილი არ გამოუშვან. პუტინი რომ არა, სააკაშვილი დიდი ხნის გათავისუფლებუილი იქნებოდა. სანამ პუტინი არის, „ოცნება“ მიშას არ გამოუშვებს. ზოგიერთი მათგანი პუტინის წინსვლაზეც საუბრობს და რუსეთის გამარჯვების სჯერა.
– რუსებსაც სჯეროდათ, რომ კიევს სამ დღეში აიღებდნენ, მაგრამ…
– როგირც კიევი ვერ აიღო, ეგრე ვერ მოიგებს ამ ომს. “ქოცებს” სჯერათ, რომ მოიგებს და ამიტომ ასრულებენ მის ბრძანებას. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილი იზიარებს ამას.
“თაიმერი”