გუშინ ვნახეთ, რომ ოპოზიცია ფაქტობრივად თავისი სახის დაკარგვის ახალ ეტაპზეა გადასული, – ასე შეაფასა ნინო წილოსანმა „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ ლიდერების დაპირისპირება. „ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, სამწუხაროა, რომ ერთადერთი არგუმენტი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს ალეკო ელისაშვილის ბრალდებებზე ჰქონდა იყო ის, რომ მას ოპოზიციის შიდა შეხვედრებზე გაჟღერებული ინფორმაცია რევოლუციურ სცენარზე არ უნდა გამოეტანა.
„ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ნათელი იყო, თუმცა, ვფიქრობ, მათი ამომრჩეველიც დეტალურად უნდა იცნობდეს იმ საკითხებს, რომელზეც ისინი დახურულ ფორმატში საუბრობენ და მგონია ეს ამომრჩევლისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. თუნდაც ის ფაქტორები, რაზეც ელისაშვილი საუბრობდა. აქედან გამომდინარე, უპასუხისმგებლოა ის განცხადება, რომ მათ აქვთ კონკრეტული დახურული და დაფარული მიზნები მათი ამომრჩევლისგან და ჩვენი მოქალაქეებისგან განსხვავებით. ეს დაპირისპირება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი არ ემსახურებიან ამომრჩევლის ინტერესებს, ისინი ემსახურებიან თავიანთ პირად, ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს – მოვიდნენ ხელისუფლებაში ყველანაირი ფასის გადახდით. მაგრამ ამ ფასს არ გადაიხდის სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა, რადგან განვითარების ისეთ ეტაპზე ვართ გადასული, რომ მსგავსი რევოლუციური სცენარები თუ დესტრუქციული ქმედებები იქნება სათანადოდ რეაგირებული“, – აღნიშნა წილოსანმა.