თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას პასუხობს.
კალაძე პირდაპირ ამბობს, რომ “არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ”.
თბილისის მერის თქმით, ეს არის დადგმული სპექტაკლი სააკაშვილის “შემოტანით“ საქართველოში და ეს გაკეთდა გადატრიალებისთვის.
“ეს არის იმ თამაშისა და შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ და მას ხედავს საზოგადოებაც. საქართველოს ხელისუფლება ითამაშებს ქართული წესებით, გამოვა ქვეყნის ინტერესებიდან და გამოვა ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან.
ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ამ რთულ გზაზე. თუმცა, თუ მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ.
მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის დადგმული სპექტაკლი მიხეილ სააკაშვილის “შემოტანით“ საქართველოში. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხდარიყო დაპირისპირება, გადატრიალება. ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის მისაღები იმიტომ, რომ არ ერთვება ომში, აკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ინტერესებს ეხება”, – ამბობს კალაძე
კუბილიუსის თქმით, თუ ხელისუფლება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ იგივე დამოკიდებულებას გააგრძელებს, მათთვის აშკარა იქნება, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს.
“ჩვენ გზავნილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, ქართული ოცნებისთვის – ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს, თუ ჩვენი წესებით არ ითამაშებთ” – თქვა კუბილიუსმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ვერსია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს.