ბიქტორა ჩავლეშვილი ჩვენი სოფლის მეწისქვილე იყო, სოფლის თემში, სახერხთან ორი თვალი წისქვილი საათივით ჰქონდა გამართული. ვანიდან ურმით ჩამოტანილი ორი მომსხო დოლაბი დღეც ტრიალობდა და ღამეც, არ ჩერდებოდა. ბიქტოტა ტკბილი, თბილი სიტყვით მოლაპარაკე კაცი იყო, ყველას უყვარდა და პატივს სცემდენ. ჩვენი სოფელი რაა გარეშემო სოფლებიდანაც მოქონდათ საფქვავი. წესიერი კაცი იყო ბიქტორა, მინდს ნამუსიანად იღებდა არც გულს გამუართუმდა ფქვილს, აურევდა და ისე აიღებდა მის საწილოს.
რა უნდა ყოფილიყო, რომ ბიქტორას ხელს ვერ გაეკეთებინა. წისქვილის თვალის დევნებასთან ერთად ან კალათს ქსოვდა, ან გოდორს, ან გიდელს, ან ჭრიდა ან კერავდა ან ასალაშინებდა ან ჭედავდა.
განსაკუთრებით ძველებური ენიანი რაგვების კეთება იცოდა და გამოსდიოდა ბრწყინვალედ. არც შინაურს და ახლობელს ეტყოდა უარს არც შორიდან მოსულს. რაგვს ზევიდან მძიმე თხემლის ბოლკოს დაადებდა, დაჯორგავდა. არ იქნებოდა შიგ თაგვი ჩასულიყო და არ გაელესა.
გამოგიდგამდა გარეთ, წისქვილის წინ და ამაყობით გეტყოდა:
– დუუჭირავს დეიჭირავს იცოდე, ყველაზე გამოცთილსაც მუატყუებს იმფერია. გამოკიდებით ვერ გამიეკიდება თაგვს თვარა ახლო თუ ჩუუარა ცოცხალს არ გუუშობს, აააა შეხედე რაფერ ბზიალობს?!
დასტურ მართალს ჩიოდა, ყველამ იცოდა ბიქტორას დაჯორგილი რაგვების ამბავი..
ძმაი ყავდა ბიქტორას ბათუმში მასზე კიდევ უფრო ხელგამოსული, ბევრი რამის გამოგონება და მოფიქრება შეეძლო ამ თანუკას. ერთ ზამთარს ძმასთან იყო ბიქტორა და იქიდან დაბრუნებულმა ახალი ლოგინის ბადეებიანი რაგვების კეთება დაიწყო, იქ უნახავს ქალაქში. რაგვი მსუბუქი იყო და მოხერხებული, ისიც უტყუარი, გალიას ჰგავდა. ღორის ვიჩინის ტყავს ნაკვერჩხალზე შეაწითლებდენ და სინით მიამაგრებდენ ენაზე, ისეთ სუნს გაუშვებდა თაგვს კიარა ადამიანს წასცდებოდა ხელი. გაიღვიძებდი დილას და აუცილებლად დაგხვდებოდა რაგვში თაგვი, ხან რამდენიმე ერთად. თაგვს კი იჭერდა მარა რა გინდა ახლა რომ უქნა ამ ცოცხალ თაგვს?
რამდენჯერ შევსწრებივარ რაფერ უტრიალებდა ბებია ამ გალიას, რაგვში შეშინებული და დაბნეული თაგვი.. არ იცოდა რა ექნა ბებიას ხან ხელში აიღებდა ამ გალიას და დააკვირდებოდა კარგად. თაგვი გალიის კუთხეში იჯდა საწყლად და დიდვან თვალებს აბრიალებდა. ვერ კლავდა ბებია ამ თაგვებს. უტრიალებდა, უტრიალებდა და წყევლიდა ბიქტორას ხელაბყრობილი.
-შენ მეისპე ბიქტორა ააააა, რაფერც შენ საქმე და საფიქრალი გამიჩინე აააა. აი ფოლორციქობა თვარ მოგეგონებია ჩემდა გასამწარებლათ აააა.
თაგვს ენა რომ ქონოდა აუცილებლად ეტყოდა ბებიას:
-ამ ერთი გზობა დამინდე და გამიშვი მეიკო ბიცოლა და მომძრეს აი ჩემი გასახმობი კბილები შენს ნაოფლარს თუ გევეკარო აწი.
უტრიალებდა ერთ ხანს ბებია გულს მოიოხებდა წყევლით და მერე დამარცხებული სახით გამუაღებდა რაგვის ვიწრო კარებს.
-არ შეგარგოს გამჩენმა შენ და შენს ხირხილებს ჩემი ნაკვტავ ნაშრომი და ნაოფლარი აააა…
გამოვარდებოდა დაბნეული თაგვი და საღვინის კედელში, ბუხრის ქვეშ ვიწრო სოროში დურთებდა თავს.
ასე გაგრძელდა კას ხანს სანამ ისე არ გამრავლდენ , ხულა ნალია და ბეღელი გარეთ გამოზიდეს და მშიერი არ დაგვტოვეს.
რაღა გაეწყობოდა დაიწყო ბიქტორამ ისევ ძველი ენიანი, დაჯორგილი რაგვების კეთება.
ზურა შევარდნაძე
ფოტო: იამზე ვაჩეიშვილი