ჩინეთის ელჩი: სინოფარმი დამზადებულია ტრადიციული მეთოდით, ძალიან ცოტა გვერდითი ეფექტი აქვს

საქართველოში ჩინეთის ელჩის ლი იანის განცხადებით, სინოფარმის მიერ წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ძალიან ცოტა გვერდითი ეფექტი აქვს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მსოფლიოში ამ ვაქცინის 100 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული და სერიოზული გართულებები არ გამოვლენილა.

“ეს ვაქცინა დამზადებულია ტრადიციული, სანდო მეთოდით, ამიტომ მას ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს. დაახლოებით 100 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული უკვე ამ ვაქცინის, მაგრამ რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია. ამიტომ, ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ არის აღიარებული”, – თქვა ელჩმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, სინოფარმმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ვერ მიიღოს, ელჩმა აღნიშნა, რომ ვაქცინა ჯანმო-ს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია შეფასების ეტაპზეა ამ ორი ვაქცინის მიმართ, როგორც სინოვაკის, ასევე სინოფარმის. ბოლო დღეებში ჯანმო-ს მიერ გაკეთდა განცხადება, რომ უსაფრთხოების და ეფექტურობის მხრივ, ეს ორივე ვაქცინა აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ამიტომ, მოდით, ერთად დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას და ავტორიზაციას“, – განაცხადა ლი იანიმ.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჩინური ვაქცინა სინოფარმი დღეს, 5 აპრილს, ოფიციალურად წარადგინეს.

სინოფარმს ჯერ არ აქვს WHO-ს ავტორიზაცია, თუმცა, საქართველომ მისი 100 ათასი დოზა შეიძინა.

NCDC და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სინოფარმით აცრა არ დაიწყება – მანამ, სანამ ვაქცინა ავტორიზაციას არ მიიღებს.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.  ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო.​

ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 55 წელს ზევით ადამიანებს აქვთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: