VVV-WIT-08 დედამიწიდან 25 000 სინათლის წლით დაშორებული გიგანტური ვარსკვლავია, რომელიც ჩვენს მზეზე 100-ჯერ დიდია. თუმცა, მნათობმა მხოლოდ ზომის გამო არ მიიქცია ყურადღება. ვარსკვლავი იმითია საინტერესო და უნიკალური, რომ ის გარკვეული დროის განმავლობაში უცნაურად ქრება რაღაც „მუქი, დიდი და წაგრძელებული“ ობიექტის უკან. ასტრონომებს წარმოდგენა არ აქვთ, რა ობიექტია ეს.
მეცნიერების თქმით, ვარსკვლავი ყოველ რამდენიმე ათწლეულში ერთხელ „ქრება“. ეს გარკვეული ტიპის ტრანზიტის ნიშანია – ვარსკვლავსა და ჩვენ შორის რომელიმე ობიექტი ხვდება და მისგან წამოსულ სინათლეს ბლოკავს. თუ ეს რეგულარულად ხდება, მაშინ ეს ობიექტი ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრაობს. სწორედ ამ მეთოდით ეძებენ ასტრონომები ეგზოპლანეტებს.
ამ ვარსკვლავის სიკაშკაშე კი 30-ჯერ მცირდება. ეს უხილავი კომპანიონი შესაძლოა გიგანტური პლანეტა ან უზარმაზარი დისკოს მქონე ვარსკვლავი იყოს, რომელიც ამ დაბნელების მოვლენას იწვევს.
საოცრებაა, რომ დავაფიქსირეთ მუქი, დიდი და წაგრძელებული ობიექტის გავლა ჩვენსა და შორეულ ვარსკვლავს შორის და მის წარმოშობაზე მხოლოდ სპეკულირება შეგვიძლია. – ამბობს კვლევის თანაავტორი სერგეი კოპოსოვი ედინბურგის უნივერსიტეტიდან.
მკვლევართა გუნდს მიაჩნია, რომ ეს ვარსკვლავი მარტო არ არის. ის გრძელ პერიოდიანი დაბნელებების მქონე ორმაგი სისტემების ახალ კლასს მიეკუთვნება. ასტრონომებმა სხვა რამდენიმე ვარსკვლავიც შენიშნეს, რომელსაც დიდი დისკოს მაგვარი მატერია აბნელებს. VVV-WIT-08-ის შემთხვევაში, დისკო ხილულ და ინფრაწითელ გამოსხივებასაც აბნელებს.
VVV-WIT-08-ის მსგავსი ორი ვარსკვლავი კარგად შესწავლილია. Epsilon Aurigae ნაწილობრივ მტვრის უზარმაზარი დისკოთი ყოველ 27 წელიწადში ერთხელ ბნელდება და მისი სიკაშკაშე თითქმის ნახევრდება. მეორე ვარსკვლავი, TYC 2505-672-1 თავისი კომპანიონის გამო ბნელდება, რომლის ორბიტული პერიოდი 69 წელიწადს შეადგენს. თუმცა, VVV-WIT-8-ს შესაძლოა უფრო ხანგრძლივი პერიოდი ჰქონდეს.