ვინ არის “ხალხის ძალა” – უმრავლესობის წევრთა გზა ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტამდე – idfi კვლევა –

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო
განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა
სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა
და ინტერპრეტაციებს.

იბეჭდება შემოკლებით

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა გზა ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტამდე

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიუნიჭებლობის შემდგომ არასამთავრობო სექტორის მიმართ მტრული დამოკიდებულება განსაკუთრებით გაძლიერდა. სამოქალაქო სექტორის მიმართ ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის მადისკრეტირებელი ბრალდებები. ამ რიტორიკის ავტორები, ძირითადად არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები და საშუალებები, რომლებიც აქტიურად იყენებენ მიზნის მიღწევის მრავალფეროვან მეთოდებსა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის ტრადიციულ თუარატრადიციულ ფორმებს.
სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის მიმდინარე კამპანიის განვითარება ეტაპობრივად მიუახლოვდა სამართლის ინსტრუმენტალიზაციის ლოგიკურ ეტაპს. 2022 წლის 12 სექტემბერიდან მმართველმა პარტიამ, აქტიური საინფორმაციო მხარდაჭერის ფონზე, გააქტიურა დისკუსია სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების ფინანსებისგამჭვირვალობის თაობაზე.

ცალმხრივ დისკუსიაში მალევე დაიწყო ტერმინის “აგენტები” გამოყენება, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა დაუკავშირდა “საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს” და გაიჟღერა სამოქალაქო სექტორის “მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევის აუცილებლობის” მოწოდებამ.

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული განცხადება გაკეთდა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული დისკუსიის ფონზე,რომელიც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას ეხებოდა.

2022 წლის დასასრულს, 29 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა (ე.წ. “ხალხის ძალის” წარმომადგენლებმა) საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დაანონსეს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის დაინიცირება 2023 წლის იანვარში.

მათივე განცხადებით კანონპროექტი მომზადდა საუკეთესო დასავლური, მათ შორის, აშშ-ს პრაქტიკის გათვალისწინებით. 2023 წლის 14 თებერვალს,დეპუტატებმა კვლავ გამართეს ბრიფინგი და საზოგადოებას აცნობეს, რომ დააინიცირეს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონპროექტი (კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”).5 ბრიფინგს გამოეხმაურა მმართველი პარტიის
წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და აღნიშნა, რომ “საზოგადოებას აქვს უფლება, ხედავდეს ვინ როგორ ფინანსდება, რა სახსრებით ახორციელებს თავის საქმიანობას, შესაბამისად, ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ ეს სივრცეც მოექცეს მსგავსი რეგულაციების პირობებში.”  კანონპროექტი ჯერ არ არის წარდგენილი მაგრამ ინიციატორებმა გააჟღერეს რამდენიმე საკვანძო დეტალი კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. მათგან კრიტიკულად მნიშვნელოვანი ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნაა. აღსანიშნავია,
რომ არც სამოქალაქო სექტორთან ბრძოლის იდეაა ნოვატორული და არც საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა (ე.წ “ხალხის ძალის”) მიერ შერჩეული მეთოდი. სწორედ მსგავსი რიტორიკითა და ლეგიტიმურ მიზნებზე, მათ შორის, აშშ-ს პრაქტიკაზე დაყრდნობით, ამართლებდა რუსეთი და უნგრეთი ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღებას.

აღნიშნული გვაძლევს საშუალებას მოვიძიოთ ევროპული ინსტიტუტების დამოკიდებულება სამოქალაქო ორგანიზაციების ე.წ. “უცხოური გავლენის აგენტებად” მოხსენიების თაობაზე. ნიშანდობლივია, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების 12 პრიორიტეტულ ამოცანას მიეკუთვნება. ამდენად, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის მიღების გავლენის შეფასება ევროკავშირის პრიორიტეტული ამოცანების აღსრულების მიმდინარე პროცესზეც.

ვინ არის კანონპროექტის ინიციატორი?

 

კანონპროექტის ინიციატორები არიან ე.წ „ხალხის ძალის“ დეპუტატები. “ხალხის ძალა” არის მმართველი პარტიიდან გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული ე.წ საზოგადოებრივი მოძრაობა. „ხალხის ძალის“ წევრები არიან „ქართული ოცნების“ პარტიული სიით წარდგენილი დეპუტატები, რომლებიც ქართული ოცნების ფრაქციის წევრებთან ერთად ქმნიან საპარლამენტო უმრავლესობას.

ე.წ „ხალხის ძალის“ ისტორია დაიწყო 2022 წლის 28 ივნისს სამი დეპუტატის მიერ “ქართული ოცნების” დატოვებით.  დატოვების მიზეზად დასახელებული იყო არა მმართველი პარტიის შეხედულებებთან წინააღმდეგობა, ან უთანხმოება ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, არამედ ის, რომ „საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია“. „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები თავიდანვე ცხადად აფიქსირებდნენ, რომ მმართველ პარტიასთან „არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ აქვთ“. 2022 წლის 28 ივლისს, „ქართული ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებს პარლამენტის კიდევ ერთი წევრი შეუერთდა.  ხოლო 2022 წლის 2 აგვისტოს მათ დააფუძნეს ე.წ საზოგადოებრივი მოძრაობა – „ხალხის ძალა“.

„ხალხის ძალა“ თავისი საჯარო განცხადებებით ადანაშაულებდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პარტნიორებს „მეორე ფრონტის გახსნაში“, რევოლუციის მოწყობასა და ქვეყნის
სუვერენიტეტის შერყევაში.
2022 წლის 4 ოქტომბერს „ხალხის ძალას“ მმართველი პარტიიდან გასული კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა.
უნდა აღინიშნოს, რომ „ხალხის ძალის“ სახელით მოქმედი ცხრავე დეპუტატი „ქართული ოცნების“ სიით არის წარდგენილი და ისინი ქართული ოცნების დეპუტატებთან ერთად ქმნიან საპარლამენტო უმრავლესობას. ე.წ. „ხალხის ძალა“ არ არის არც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი პოლიტიკური პარტია და არც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო სუბიექტი. მეტიც, მათ ერთობას არ აქვს არანაირი სამართლებრივი ფორმა – არ არის რეგისტრირებული არც არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად. „ხალხის ძალა“ საკუთარ თავს იხსენიებს, როგორც „საზოგადოებრივი მოძრაობა“ თუმცა, ამგვარი სამართლებრივი სტატუსი არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. ამგვარად, „ხალხის ძალა“, როგორც სამართლებრივი სუბიექტი არ
არსებობს და ერთადერთი, რითიც დღეს მისი წევრების იდენტიფიცირება შეიძლება,
არის – საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქცია არ იძლევა ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია. რადგანაც „ქართული ოცნება“, როგორც ფრაქცია არსებობს, „ხალხის ძალამ“ ვერ შექმნა პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში. 2023 წლის 8 თებერვალს, დაინიცირდა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების კანონპროექტი, რომლითაც მოიხსნება მოქმედი შეზღუდვა და „ხალხის ძალას“ მიეცემა პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება.

თუმცა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თუკი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს შექმნის, ისინი უმრავლესობაში მაინც დარჩებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share