„თუ პუტინს არ გავაჩერებთ, სუვერენული ქვეყნები შესაძლოა, უბრალოდ გათელონ“ – ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„პუტინს უკრაინაში თუ არ გავაჩერებთ, ეს იქნება მესიჯი, რომ სუვერენული ქვეყნები შესაძლოა, უბრალოდ გათელონ“, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

მინისტრის თქმით, პუტინის შეჭრა ისეთი წარმატებული ვერ აღმოჩნდა, როგორსაც ის (პუტინი) ელოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერმა დიდი ტანჯვა და ტკივილი მოუტანა უკრაინელებს.

„მამაცმა უკრაინელმა ხალხმა სიურპრიზი გაუკეთა პუტინს თავისი სიმტკიცით. პუტინი უნდა დამარცხდეს. ჩვენ ისტორიიდან ვიცით, რომ აგრესორი იგებს მხოლოდ ერთ რამეს, ეს არის ძალა. ვიცით, რომ თუ არ გავაკეთებთ საკმარისს ახლა, მსოფლიოს მასშტაბით სხვა აგრესორები გათამამდებიან. ვიცით, რომ თუ პუტინი არ იქნება გაჩერებული უკრაინაში, ამას საშინელი შედეგები ექნება ევროპისთვის და გლობალური უსაფრთხოებისთვის. სუვერენული ქვეყნები შესაძლოა, უბრალოდ გათელონ.

ამიტომ ჩვენი პასუხი უნდა იყოს უფრო მკაცრი და უფრო სწრაფი. ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სანქციები, რაც მოიცავს SWIFT-დან სრულ ჩახსნას და დიდი შვიდეულის მიერ რუსული ნავთობის და გაზის მოხმარების შეწყვეტას. ჩვენ დავასრულებთ ავტორიტარულ რეჟიმებზე სტრატეგიულ დამოკიდებულებას ენერგეტიკის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსების გათვალისწინებით. არ უნდა დავისვენოთ, ვიდრე პუტინი უკრაინაში არ დამარცხდება და ვიდრე ქვეყნის სუვერენიტეტი არ აღდგება“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share