პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის 28 თებერვალს გამართული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი არ მიიწვიეს.
“განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს, და მათ შორის, “უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს”, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, ყველა შემთხვევაში, მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას.” – წერია განცხადებაში.
ადმინისტრაციის თქმით, პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიწვევის საკითხი არაერთხელ დააყენა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მათ სურთ ამ ფორმატში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით არსებული გამოწვევების შესწავლა.
“ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის ამ განხილვების გარეთ დატოვება.” – ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის 28 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.
“სხდომაზე განხილულ იქნა მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს.” – წერს მთავრობის ადმინისტრაცია.