აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გუშინ კიდევ ერთხელ გამოუცხადა. 6 რესპუბლიკელმა წინასწარ განაცხადა, რომ დემოკრატების რეზოლუციას იმპიჩმენტის შესახებ მხარს უჭერდნენ, ხმის მიცემისას კი, მათ კიდევ 4 შეუერთდა და ტრამპის იმპიჩმენტს 10-მა რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი. თანაპარტიელების უმრავლესობა კი, როგორც ჩანს, ტრამპის ერთგული დარჩა.
დონალდ ტრამპი გახდა მესამე პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში, ვისაც იმპიჩმენტი გამოუცხადეს და პირველი, რომელთან დაკავშირებითაც აღნიშნული გადაწყვეტილება მეორედ მიიღეს. შეიძლება ითქვას, მან საპრეზიდენტო რეკორდი მოხსნა.
დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის საფუძველი მისი მხარდამჭერების კაპიტოლიუმზე თავდასხმა გახდა. დემოკრატიული პარტიის წევრები აცხადებენ, რომ არეულობა სწორედ ტრამპმა და მისმა განცხადებებმა გამოიწვია.
ამ სტატიაში გაიგებთ, რატომ უცხადებდნენ პრეზიდენტებს იმპიჩმენტს ამერიკაში.
პირველი იმპიჩმენტი აშშ-ში — ენდრიუ ჯონსონი
აბრაამ ლინკოლნის მკვლელობამ გამოიწვია მისი ვიცე-პრეზიდენტის, ენდრიუ ჯონსონის დაწინაურება, რომელიც თეთრკანიანი უპირატესობის მომხრე იყო.
აშშ-ში სამოქალაქო ომის შემდეგ, დემოკრატი პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი მუდმივ “ბრძოლაში” იყო რესპუბლიკური პარტიით დომინირებულ კონგრესთან იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აღედგინათ სწრაფად ომში დამარცხებული ქვეყნის სამხრეთი.
“რადიკალური რესპუბლიკელები” ცდილობდნენ, მიეღოთ კანონმდებლობა კონფედერაციის ყოფილი ლიდერების დასჯისა და გათავისუფლებული მონების უფლებების დასაცავად. ჯონსონმა საპრეზიდენტო ვეტო გამოიყენა.
მალევე კონგრესმა მიიღო თანამდებობის უფლებამოსილების შესახებ კანონი, რომელიც ზღუდავდა პრეზიდენტის შესაძლებლობას, გაეთავისუფლებინა მისი კაბინეტის წევრები სენატის დასტურის გარეშე.
დაუმორჩილებლობის მიზნით, ჯონსონმა კაბინეტის წევრსა და პოლიტიკურ მეტოქეს, ედვის სტანტონს უფლებომოსილება შეუწყვიტა — სტანტონმა წასვლაზე უარი განაცხადა და საკუთარი თავი “ოფისში ჩაიკეტა”.
სტანტონის გადაყენება აღმოჩნდა საბოლოო — წარმომადგენელთა პალატის წევრმა რესპუბლიკელებმა იმპიჩმენტის დოკუმენტის შემუშავება დაიწყეს. 11-მუხლიანი იმპიჩმენტის დოკუმენტში ჯონსონს ბრალი დასდეს თანამდებობის უფლებამოსილების შესახებ (Tenure of Office Act-ის) კანონის დარღვევაში. მის იმპიჩმენტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 2/3-მა დაუჭირა, რის შემდეგაც საქმე სენატში გადავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ აქტი არაკონსტიტუციური იყო.
საბოლოოდ, სენატში ხმის მიცემისას, მან პრეზიდენტობა 1 ხმით შეინარჩუნა, ვინაიდან 7-მა რესპუბლიკელმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
თითქმის იმპიჩმენტი — რიჩარდ ნიქსონი
მოსალოდნელი იმპიჩმენტის თავიდან ასაცილებლად ნიქსონი 1974 წლის 9 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა.
იმპიჩმენტის მოთხოვნის საკითხი 1972 წელს უკავშირება. გამოძიებით დადგინდა, რომ წინასაარჩევნო მზადების პერიოდში, ნიქსონის ბრძანებით, ერთ-ერთ სასტუმროში (უოტერგეიტსი), სადაც ძირითადად დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კომიტეტი იკრიბებოდა, მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული.
1973 წელს კი დადგინდა, რომ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება უშუალოდ თეთრ სახლს უკავშირდებოდა. აღნიშნულს თან დაერთო ვიცე-პრეზიდენტ სპირო ეგნიუსის სკანდალი — აღმოჩნდა, რომ გუბერნატორობის დროს ვალი ჰქონდა აღებული. იგი გადადგა, ვიცე-პრეზიდენტი კი ჯერალდ ფორდი გახდა.
უოტერგეიტსის სკანდალმა ნელ-ნელა შეიძინა მნიშვნელობა. 1974 წლის აგვისტოში, როდესაც პალატის იუსტიციის კომიტეტმა იმპიჩმენტის სტატიები მოამზადა, ნიქსონი იძულებული გახდა, გადაეცა მათთვის ოვალური ოფისის ჩანაწერები, სადაც პრეზიდენტი ბრძანებას აძლევს თავის თანამშრომლებს, CIA-ს უთხრან, შეწყვიტოს FBI-მ უოტერგეიტზე გამოძიება.
იუსტიციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა იმპიჩმენტის მიღებას. იმპიჩმენტის მიზეზები: სამართლიანობის ხელის შეშლა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და კონგრესის შეურაცხყოფა.
1974 წლის 8 აგვისტოს ნიქსონმა იმპიჩმენტის გამოცხადებამდე თანამდებობა დატოვა.
ბილ კლინტონი
1996 წელს კლინტონი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. მეორე ვადის დროს მას წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა.
იმპიჩმენტის ერთ-ერთი მიზეზი თეთრის სახლის სტაჟიორ მონიკა ლევინსკისთან სექსუალური ურთიერთობის ბრალდება იყო. კლინტონს ადანაშაულებდნენ სექსუალური სკანდალის დროს დაწყებული გამოძიების დროს ცრუ ჩვენების მიცემაში. არსებობდა ბრალდება სექსუალურ შევიწროებაზეც — პაულა ჯონსის მიერ კლინტონის წინააღმდეგ სარჩელიც იქნა შეტანილი.
მონიკა ლევინსკიმ 1995 წელს სასამართლოზე საკუთარი კაბა წარადგინა. მონიკამ აღნიშნა, რომ სამოსი მას სტაჟირების პერიოდში ეცვა და მასზე ბილ კლინტონის სპერმა იყო, რაც დნმ-ის ანალიზით დადასტურდა კიდეც. თუმცა საბოლოოდ, აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი არც მისმა გუნდმა გაწირა, არც ჰილარი კლინტონმა და არც ამერიკელმა ხალხმა.
1998 წლის 19 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა კლინტონის იმპიჩმენტს ორი ცალკეული პუნქტით: ცრუ ჩვენება და სამართლიანობისთვის ხელის შეშლა.
რესპუბლიკელებით დაკომპლექტებულმა სენატმა 55 კაციანი უმრავლესობით კლინტონის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.
მიუხედავად დიდი სკანდალისა და იმპიჩმენტის პროცედურისა, 1999 წელს კლინტონის რეიტინგი 73%-მდე ავიდა.
დონალდ ტრამპის პირველი იმპიჩმენტი
ტრამპის პირველი იმპიჩმენტის დაწყების მიზეზი მისი და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი გახდა, რომელიც 2020 წლის ივლისში შედგა, თუმცა მისი დეტალური შინაარსი მხოლოდ სექტემბერში გახდა ცნობილი.
საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, გამოძიება დაეწყო 2020 წლის არჩევნებში მისი კონკურენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სატელეფონო საუბრამდე ერთი კვირით ადრე აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება ორი თვით შეაჩერა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დახმარების შეჩერება აღიარა და გადაწყვეტილება დაასაბუთა იმით, რომ ევროპის სხვა ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, უკრაინას არასათანადოდ ეხმარებიან. სექტემბრის შუა რიცხვებში კი 400 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინამ, საბოლოოდ, მიიღო.
აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა. იმპიჩმენტისთვის 216 ხმა იყო საჭირო, თუმცა ტრამპმა უფრო მეტი მიიღო. პირველ ბრალდებას — ძალაუფლების ბოროტად გამოყენება — 230-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 197 კი წინააღმდეგი იყო, 1-მა თავი შეიკავა. მეორე ბრალდებას — კონგრესის საქმიანობაში ხელის შეშლა — 229 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 198 იყო. თუმცა, სენატმა იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.
ტრამპის უფლებამოსილების ვადა თითქმის ამოიწურა და მომავალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, თუმცა ძალაუფლების გადაბარებისთვის მზადების ნაცვლად, ახლა ის მეორე იმპიჩმენტზე სენატის გადაწყვეტილების მოლოდინშია.