მათივე ცნობით, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 50.1 ათასი სტუდენტი მიიღეს, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში – 29.4 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 20.7 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.4 პროცენტით (4.7 ათასი) გაიზარდა.
„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 161.3 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.9 პროცენტით აღემატება. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა 60.6 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძოში – 39.4 პროცენტი. სტუდენტების 52.0 პროცენტი ქალია, ხოლო 48.0 პროცენტი – კაცი.
2022 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 25.8 ათასმა სტუდენტმა დაამთავრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტით ნაკლებია. კურსდამთავრებულების 59.4 პროცენტი ქალია, ხოლო 40.6 პროცენტი – კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 2.4-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა რიცხოვნობას.
სტუდენტების 1.9 პროცენტი 18 წლამდე ასაკისაა, 79.8 პროცენტი – 18-დან 23 წლამდეა, ხოლო 18 პროცენტი – 24 წლის და უფროსი ასაკის.
2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 723 სტუდენტი, რაც 239-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რიცხოვნობა 2.6-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რიცხოვნობას. უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 25.1 ათასი შეადგინა, რაც 43.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 10.6 ათასი პროფესორმასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.2 პროცენტით მეტია.
2022 წელს, უნივერსიტეტებში მიღებული დოქტორანტების რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 10.7 პროცენტით შემცირდა და 874 პირი შეადგინა. დოქტორანტების რიცხოვნობა 6.2 პროცენტითაა შემცირებული და 3 638-ს შეადგენს.
2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, სადოქტორო პროგრამებზე მიღებულთა რიცხოვნობის ზრდა, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაზე დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა 23.7 პროცენტით გაიზარდა და 537 პირი შეადგინა. თუმცა, კლება აღინიშნა ჰუმანიტარული მეცნიერებების და ხელოვნებისა და მეცნიერების სადოქტორო პროგრამებზე,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფრომაციაში.