“ჭკუას უნდა მოუხმო….რომანტიზმის ფუფუნება არ გაქვს”-დომინიკ ლივენი საქართველოზე

„ქალაქი დონეცკი ჩემს დიდ პაპას ეკუთვნოდა – დღეს რომ ვინმემ დამიბრუნოს, ახალ ზელანდიაში გადავიხვეწებოდი“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას პროფესორი დომინიკ ლივენი – ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი, რომლის გვარსაც ბალტიური, გერმანული და რუსული არისტოკრატიული ფესვები აქვს. რუსეთ-უკრაინის ომს ის საბჭოთა კავშირის ნგრევის გამოძახილად მიიჩნევს, და ცდილობს რუსეთის იმპერიული და პოსტ-იმპერიული წუხილები ახსნას. ლივენი ფიქრობს, რომ “უკრაინას უფრო წაადგებოდა დაიბრუნოს ყველაფერი, ყირიმისა და აღმოსავლეთ დონბასის გარდა, და შემდეგ აყვავებული და სტაბილური დემოკრატიის შენებას შეუდგეს.”

გთავაზობთ ამონარიდს  ინტერვიუდან, რომელიც მასთან “რადიო თავისუფლებამ” ჩაწერა:

 

–  ბოლო კითხვა ისევ საქართველოზე – რეგიონის ქვეყნების უმეტესობა მეტნაკლებად ღიად აფიქსირებს, ვის ბანაკშია, ვის უჭერს მხარს ამ დაპირისპირებაში. საქართველო, სამთავრობო დონეზე მაინც, იმ ქვეყანათა რიცხვშია, რომლებიც პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებას, ე.წ. ხაზის გავლებას ერიდებიან. ამიტომ მინდა გკითხოთ – როგორ ფიქრობთ, რა წყდება დღეს საქართველოსთვის უკრაინაში?

დომინიკ ლივენი: ერთადერთი, რასაც ვიტყოდი, არის ის, რომ თუ ხარ საქართველო – პატარა ქვეყანა, და უშუალო მეზობელი რუსეთისა, და მდებარეობ უკიდურესად არასტაბილურ რეგიონში, სადაც სხვა დიდ, უფრო ძლიერ, უფრო აგრესიულ აქტორებსაც აქვთ ინტერესები, მაშინ ჭკუას უნდა მოუხმო. რომანტიზმის ფუფუნება არ გაქვს, და ხშირად არც მორალური უპირატესობის. . პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებსა და უსაფრთხოებას უნდა მიხედო. და ისიც უნდა გათვალო, რა გავლენა ექნება ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ სტაბილურობაზე საგარეო პოლიტიკაში ამა თუ იმ პოზიციის დაკავებას. პირველი, რაც უნდა ისწავლო და მუდამ გახსოვდეს, როდესაც პატარა ქვეყანა ხარ – ეს სიფრთხილეა. თუ იპოვი ძლევამოსილ მოკავშირეს, რომელიც დაგიცავს, მშვენიერი, თუ არა – ფრთხილად იყავი. ამერიკელები ჯერჯერობით სანიმუშოდ იქცევიან ამ კონფლიქტში, ამერიკელი გადასახადების გადამხდელები უამრავ ფულს ხარჯავენ უკრაინის შესანარჩუნებლად. და ვფიქრობ, ბაიდენიც საზრიანად, ცივი გონებით უდგება საკითხს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვაშინგტონს აქვს ერთგვარი რეპუტაცია მოკავშირეების წაქეზებისა და მერე მათთვის მხარდაჭერაზე უარის თქმისა – როგორც მაგალითად, უნგრეთში 1956 წელს და ნაწილობრივ საქართველოშიც 2008 წელს. ასე რომ ყოველთვის სიფრთხილე გმართებთ, საკუთარი ინტერესებისა და თავის გადასარჩენად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share