„მე ვარ ქართველი საჯარო მოხელე და არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ მივეკუთვნები, ვემსახურები მხოლოდ საქართველოს! იქ ვდგავარ ეხლა, სადაც მგონია რომ აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ კანონი, რომელმაც უკვე დაგვაზიანა, დააზიანა ჩვენი ევროპული ურთიერთობები და საერთაშორისო იმიჯი,“ – წერს ფეისბუქზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანი და სურათს აქვეყნებს აქციიდან.
კარლო ამირგულაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია.
„ეს კანონი არ ემსახურება გაერთიანების, მშვიდობის, აღმშენებლობის და ჩვენი ისტორიული და თავისუფალი ევროპული განვითარების საქმეს! ეს კანონი იმდენად ბოროტულია, რომ ის განხილვამდეც კი არ უნდა მისულიყო!
დამოუკიდებლობის სამი ათეული წელია გამუდმებულ დაძაბულობაში ვცხოვრობთ – ეს უნდა დასრულდეს! უნდა დასრულდეს, რათა ბევრი მონდომებით, შრომითა და ქვეყნის სიყვარულით ქართული, ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფო ავაშენოთ! ეს ის მდგომარეობაა, როცა ისტორიის სწორ მხარეს უნდა დავდგეთ, ისტორიის ქართულ მხარეს, ისტორიის ევროპულ მხარეს!“ – ნათქვამია ფეისბუქ პოსტში, რომელიც კარლო ამირგულაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.
დღეს, 8 მარტს, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს “არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად!”.