“მე ვარ ქართველი საჯარო მოხელე, აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ კანონი”

„მე ვარ ქართველი საჯარო მოხელე და არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ მივეკუთვნები, ვემსახურები მხოლოდ საქართველოს! იქ ვდგავარ ეხლა, სადაც მგონია რომ აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ კანონი, რომელმაც უკვე დაგვაზიანა, დააზიანა ჩვენი ევროპული ურთიერთობები და საერთაშორისო იმიჯი,“ – წერს ფეისბუქზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანი და სურათს აქვეყნებს აქციიდან.

კარლო ამირგულაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია.

„ეს კანონი არ ემსახურება გაერთიანების, მშვიდობის, აღმშენებლობის და ჩვენი ისტორიული და თავისუფალი ევროპული განვითარების საქმეს! ეს კანონი იმდენად ბოროტულია, რომ ის განხილვამდეც კი არ უნდა მისულიყო!

დამოუკიდებლობის სამი ათეული წელია გამუდმებულ დაძაბულობაში ვცხოვრობთ – ეს უნდა დასრულდეს! უნდა დასრულდეს, რათა ბევრი მონდომებით, შრომითა და ქვეყნის სიყვარულით ქართული, ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფო ავაშენოთ! ეს ის მდგომარეობაა, როცა ისტორიის სწორ მხარეს უნდა დავდგეთ, ისტორიის ქართულ მხარეს, ისტორიის ევროპულ მხარეს!“ – ნათქვამია ფეისბუქ პოსტში, რომელიც კარლო ამირგულაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

დღეს, 8 მარტს, საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს “არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად!”.


7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის, სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share