გურიაში საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია. თუმცა, ყველაზე ცხელ წერტილად ოზურგეთი რჩება, სადაც, ამ დროისთვის, მერობის 5 კანდიდატია ცნობილი – ირაკლი ღლონტი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ავთანდილ თალაკვაძე „ქართული ოცნებიდან“, გია ცეცხლაძე პარტია „საქართველოდან“ , კოტე შარაშენიძე, რომელიც კენჭს დამოუკიდებლად იყრის. და გოჩა ძიმისტარიშვილი-ასევე დამოუკიდებელი.
სწორედ ამ ხუთ კანდიდატს შორის მიდის ბრძოლა პირველობისთვის, რომელიც, როგორც ფაქტები ცხადყოფს არც მარტივი იქნება და არც სუფთა, რადგან ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნათელი გახადა, რომ მმართველი გუნდი მიზნის მისაღწევად ყველა გზას გამოიყენებს.
ამ გზებზე ოპოზიცია დიდი ხანია ალაპარაკდა _ პარტიებში ღიად საუბრობენ მათ მხარდამჭერებსა და წევრებზე გახორციელებულ ზეწოლებზე, შანტაჟებზე, მუქარებზე, გვიყვებიან, რომ ამ პროცესში პირადად არის ჩართული პარლამენტის ვიცესპიკერი და მმართველი პარტიის კანდიდატის ძმა, არჩილ თალაკვაძე.
ერთ-ერთ ასეთ კონკრეტულ მაგალითად, გასულ კვირას, საგანგებო ბრიფინგზე, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გია ცეცხლაძემ, დაბა ნასაკირალში მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნონა ტუნაძის გადაწყვეტილება დაასახელა, რომელმაც საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის წინა დღეს, მესამე პირის საშუალებით შეატყობინა, რომ კენჭისყრაზე უარს ამბობდა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნასაკირალში არჩილ და ავთანდილ თალაკვაძეები იმყოფებოდნენ ქალბატონ ნონა ტუნაძესთან, რომელზეც განხორციელდა ზედწოლა. ვერ გეტყვით რის სანაცვლოდ, მაგრამ მათ ჩვენს კანდიდატს უარი ათქმევინეს კენჭისყრაზე. ეს არ არის ზეწოლის პირველი ფაქტი ჩვენს მომხრეებზე, უბრალოდ, ეს პირველი, გასაჯაროებული ფაქტია. მე ვთხოვ ჩემს ოპონენტებს _ ვითამაშოთ სუფთა თამაშის წესებით და არა ისე, როგორც ამას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს, რომელსაც, სამწუხაროდ, ეხლა ასევე წარმატებით იმეორებს ქართული ოცნებ“, _ განაცხადა გია ცეცხლაძემ.
ის, რომ ნონა ტუნაძემ კანდიდატურა კონკრეტული შეთავაზების გამო მოხსნა, ტვ-პირველის მიერ გაკეთებული ჩანაწერიც მოწმობს. ტუნაძეს ჟურნალისტი „ქართული „ოცნების“ შტაბის წარმომადგენლის სახელით დაუკავშირდა. ყოფილმა კანდიდატმა სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ არჩილ თალაკვაძე ძმასთან, ოზურგეთის მერობის კანდიდატ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად ესტუმრა და მას სკოლაში დასაქმება შესთავაზეს და არც იმის თქმა დავიწყებიათ, რომ შეთანხმების შემდეგ, შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში უნდა გაევრცელებინა:
„არ გამიკეთებია ჯერ განცხადება. საკმაოდ დაბნეული ვარ. გავაკეთებ აუცილებლად, როგორც ვთქვი, ცოტა მოგვიანებით. როგორ არა. მჯერა, რომ რასაც ბატონი არჩილი დამპირდა შემისრულებს. მეორე მხარემაც (საუბარია პარტია საქართველოსთვის) დამირეკა და გარკვევა სცადა მიზეზის. ვუთხარი, რომ ბატონი არჩილი და ბატონი ავთანდილი სამძიმარზე იყვნენ _ მეზობელი გარდამეცვალა და მომისამძიმრეს, თქო. მე ვუთხარი, რომ არ მეწყობოდა ხელი ამ მომენტისათვის“, _ აღნიშნავს ჩანაწერში ნონა ტუნაძე.
ამავე ჩანაწერით ირკვევა, რომ ტუნაძეს მეუღლის მკურნალობაში დახმარებასაც დაპირდნენ:
„ჩემი მეუღლე ინსულტიანია და ძალიან ნევრიულობს. მე ისეთი ადამიანი არ ვარ, რომელიც „ვიგოდას“ ან რამეს ვეძებდე. მე კანონიერად ვიბრძოდი იმისათვის, რომ რადგან ჩვენს სოფელში აშენდა ახალი სკოლა, იქ მემუშავა. ეს საკითხი 2016-შიც წამოიჭრა ოცნების მხრიდან, მაგრამ ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი. ახლა მზად ვარ. მე მინდა სკოლაში მუშაობა. ეს ჩემი მოწოდებაა“, _ ამბობს ტუნაძე და აზუსტებს, რომ მას ამ გარიგების შესახებ ინფორმაცია არავისთვის მიუწოდებია:
„არჩილ თალაკვაძეს რომ შევხვდი ეს არავისთვის არ მითქვამს და ვუთხარი, რომ ეს გადაწყვეტილება ოჯახური პირობების გამო მივიღე“, _ აღნიშნა ტუნაძემ.
ამ აუდიოჩანაწერის გასაჯაროებამ , „ქართული ოცნება“ თავის მართლების რეჟიმში ჩააყენა. ავთანდილ თალაკვაძე იძულებული გახდა, დაედასტურებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძმასთან ერთად ტუნაძეს ნამდვილად შეხვდა, თუმცა, ცეცხლაძის ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ გახარიას გუნდის წარმომადგენელს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვდა:
„აბსურდი და ტყუილია, რომ ზეწოლას ვახდენთ ვინმეზე. სიმართლე არის ის, რომ გია ცეცხლაძის წინასაარჩევნო კამპანია წარუმატებელია და დღემდე ოზურგეთში არ იციან რა არის მისი საარჩევნო პროგრამა – როგორც ჩანს, შტაბი ეშლებათ და ჩვენზე ცდილობენ ამის გადმობრალებას“, _ განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
შესთავაზეს თუ არა ტუნაძეს კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ სკოლაში დასაქმება, რასაც თავად ტუნაძე ადასტურებს, „ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა არ უპასუხა და მხოლოდ ის თქვა, რომ გახარიას გუნდმა ტუნაძე შეცდომაში შეიყვანა.
გახარიას გუნდში კი შეცდომებზე „ქართულ ოცნებას“ მიუთითებენ და ამ თემით დაინტერესებას შესაბამის სტრუქტურებს სთხოვენ.
სტატია დაფინანსებული პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ”. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.