მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი, რომელიც ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია, ამბობს, რომ 9 აპრილი შეცდომა იყო. საკუთარ გადაცემაში უცნობის კიდობანი გაჩეჩილაძემ თქვა, რომ ისინი “შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი”.
“მე და ზაზა [პაპუაშვილი] იმ აივანზე ვიდექით, სადაც იწყებოდა ეს ყველაფერი 89 წელს, 9 აპრილი და გულზე მჯიღებს ვიცემდით და გვეგონა, რომ საქართველოს მომავალს ვემსახურებოდით, თავისუფლებას, თურმე შეცდომაში ვიყავით შეყვანილები. […]
9 აპრილი იმიტომ ვახსენე რომ შეცდომა იყო, რომ ის იყო სისხლისღვრა, მე ასე ვფიქრობ დღევანდელი დღიდან. რა თქმა უნდა, ენერგეტიკა დიდი იყო, რა თქმა უნდა, ყველაფერი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საბჭოთა კავშირი მაინც იშლებოდა, ჩვენ პატრიარქისთვის უნდა დაგვეჯერებინა, ის ამბავი რომ არ მომხდარიყო, არ მოხდებოდა არც შემდეგ პირველი ხელისუფლების ასეთი ვანდალური შეცვლა, არ მოხდებოდა არც აფხაზეთსა და ოსეთი ასეთი სამოქალაქო დაპირისპირებები, არც თბილისის ომი და არც შემდეგ განვითარებული მოვლენები. ნორმალურად განვვითარდებოდით”, – თქვა გაჩეჩილაძემ, როდესაც თავის სტუმარს ყოფილ დეპუტატს, ზაზა პაპუაშვილს წარადგენდა.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის ძალისმიერად დაარბია. საბჭოთა არმია ხალხის დასარბევად სასტიკ მეთოდებს იყენებდა. მიტინგის დასარბევად თბილისში 2 500-ზე მეტი ჯარისკაცი, ჯავშანტექნიკა, საბრძოლო და სახანძრო მანქანები მუშაობდნენ. 9 აპრილის ღამეს საბჭოთა ძალამ 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთი იმავე დღეს, კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
9 აპრილის ტრაგედიამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.