სკოლების პედაგოგები “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ითხოვენ მისი უკანონო პატიმრობა შეწყდეს. პედაგოგები სთხოვენ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია და ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დააახლოვოს საქართველო სანუკვარ მიზანთან – ევროკავშირში გაწევრიანებასთან.
განცხადების ავტორები მხარს უჭერენ “ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას.
“საქართველოს ისტორიული არჩევანი ყოველთვის იყო დასავლურ სამყაროსთან ერთად ყოფნა და არასდროს ისტორიის მანძილზე არ ვყოფილვართ ისე ახლოს ამ მიზანთან, გავმხდარიყავით ევროპული ოჯახის წევრი, როგორც დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან მხოლოდ 12 პუნქტის შესრულება აშორებს. აღნიშნული პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი არის მე-7 პუნქტი, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებას ეხება და რომლის გაჩენის მთავარი მიზეზიც, თამამად შეიძლება ითქვას, მედია-მენეჯერ და ჟურნალისტ ნიკა გვარამიასთვის არარსებული დანაშაულის გამო პატიმრობის მისჯა გახდა. აბსურდული ბრალდებით ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსისა და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის დაპატიმრება დასავლურ სამყაროში ცალსახად იქნა აღქმული პოლიტიკურ ანგარიშსწორებად და შესაბამისი რეაქციაც გამოიწვია ევროპარლამენტარების, კონგრესმენების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უბრალოდ საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსების მიერ.
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პრიორიტეტების შესრულების შუალედური ანგარიში აპრილში მოხდება და დაუშვებელია, რომ ამ სტატუსის მიღება ეჭვქვეშ დააყენოს ნიკა გვარამიას უკანონო და პოლიტიკურმა პატიმრობამ. აქედან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს სკოლის პედაგოგები ვუჭერთ მხარს „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“, რომ შეწყდეს მისი უკანონო და არარსებული დანაშაულისთვის მისჯილი პატიმრობა და ამით მოიხსნას კიდევ ერთი ბარიერი საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების გზაზე. ნიკა გვარამიას შეწყალება პრაქტიკულად შეასრულებს პრიორიტეტების მე-7 პუნქტს. გარდა ამისა, მისი განთავისუფლება დიდი ნაბიჯი იქნება 1-ლი პუნქტის – დეპოლარიზაციის შესრულების გზაზეც. ამის მიღწევის ყველაზე მარტივი და სამართლებრივად ყველაზე სწრაფი ხერხი არის პრეზიდენტის შეწყალება.
ვთხოვთ, საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც სისტემატურად აცხადებს, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, გადადგას ეს ნაბიჯი და ამით კიდევ უფრო დააახლოვოს ჩვენი ქვეყანა სანუკვარ მიზანთან.