რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ტურიზმის განვითარების ფონდის” მიერ შეკვეთილში აშენებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პარაგრაფი“ 2021 წელს მოგებაზე გავიდა.
სასტუმროს მმართველ კომპანიას „ბლექ სი რიზორთსი ჯგუფის” მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს სასტუმროს მთლიანმა შემოსავალმა 35 060 000 ლარი შეადგინა (2022 წელს ეს მაჩვენებელი იყო 13 763 000 ლარი). ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, სასტუმროს წმინდა მოგებამ 2021 წელს 1 801 000 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა წინა წელს „პარაგრაფი“ 8 205 000-მილიონიან ზარალზე იყო.
ცალკეული კატეგორიების მიხედვით კი, სასტუმროს შემოსავლები ასე ნაწილდება:
- ამონაგები სასტუმროს ოთახების გაქირავებიდან – 20,413 მლნ ლარი; (2020 წელს – 7,451 მლნ ლარი)
- ამონაგები საკვების გაყიდვიდან – 10,579 მლნ ლარი; (2020 წელს – 4,566 მლნ ლარი)
- ამონაგები სასმელების რეალიზაციიდან – 1,920 მლნ ლარი; (2020 წელს – 896 ათასი ლარი)
- ამონაგები გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრიდან – 1,746 მლნ ლარი; (2020 წელს – 716 ათასი ლარი)
- სხვა შემოსავალი – 401 ათასი ლარი (2020 წელს – 134 ათასი ლარი)
კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „პარაგრაფ შეკვეთილის“ აქტივები 2021 წლის 31 დეკემბრისთვის 17,865 მლნ ლარს შეადგენდა. რაც შეეხება ხარჯებს, 2021 წელს ადმინისტრაციის ანაზღაურებები 2.1 მილიონი ლარი იყო, ფრენჩიზის საფასური 1.37 მილიონი ლარი, სხვადასხვა აქტივის შეკეთება 1 მილიონი ლარი, მთლიანობაში სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული ხარჯები 8.7 მილიონი ლარი იყო.
ცნობისათვის, როგორც ფინანსურ დოკუმენტაციაშია მითითებული, „პარაგრაფ შეკვეთილი“ 2018 წლის 22 მარტს შპს „ბლექ სი რიზორთსის“ მიერ დაფუძნდა. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100% იყო შპს „ბლექ სი რიზორთსის“ მფლობელობაში და საბოლოო მშობელ კომპანიას წარმოადგენდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის (GTDF) უშუალო მშობელი კომპანია.
კომპანიის ძირითადი ბიზნეს საქმიანობაა მაღალი კლასის ლუქს სასტუმროს ოპერირება. ამ მიზნით, კომპანიამ 2019 წლის 1 აპრილს იჯარით აიღო ქონება შავი ზღვის სანაპიროზე, სოფელ შეკვეთილში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), საქართველო.2019 წლის 1 აპრილს, შპს „პარაგრაფ შეკვეთილმა“ დაიწყო სასტუმრო პარაგრაფ რიზორთ ენდ სპა შეკვეთილი, მარიოტის ავტოგრაფ ქოლექშენის, 220-ნომრიანი სასტუმროს ოპერირება, დაკავშირებული მრავალფეროვანი საკვების და სასმელის და Spa ობიექტებთან ერთად. კომპანიამ სასტუმროს ოპერირება დაიწყო „Global Hospitality Licensing“ S.A.R.L. (Marriott International)-თან სალიცენზიო შეთანხმებით, Marriott-ის საერთაშორისო სისტემის და ლიცენზირებული ნიშნების შეზღუდული, არაექსკლუზიური გამოყენების უფლებით, 2018 წლის 20 დეკემბრიდან. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, 2018 წლის 20 დეკემბრიდან 2019 წლის 1 აპრილამდე, შპს „ბლექ სი რიზორთსი“ აგრძელებდა სასტუმროს ოპერირებას.