„თქვენ იცით, რომ არჩევნებით არ შეგიძლიათ ხელისუფლებაში მოსვლა და ამიტომ „მოლოტოვის კოქტეილებით” გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მისამართით. მან ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლები შეაფასა და პაატა მანჯგალაძის გამოსვლას უპასუხა, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას შეეხებოდა.
„საქართველოს პარლამენტში 9 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და რომელი სამუშაო ჯგუფის წევრები გახდნენ ის და მისი კოლეგები? 60 სამუშაო შეხვედრა გაიმართა, ერთ შეხვედრაში მაინც თუ მიიღეს მონაწილეობა ბატონებმა მანჯგალაძემ ან ვაშაძემ ან მათმა პოლიტიკურმა ჯგუფმა? 90-მდე კანონპროექტს ვუყარეთ კენჭი და დავატკიცეთ პლენარულ სესიებზე და რომელს დაუჭირეთ მხარი? და უფრო მეტ შემთხვევაში ბოიკოტს ხომ არ უცხადებდით მთელ ამ პროცესს და არ დადიოდით არც პარლამენტში, არც კომიტეტებზე და სამუშაო ჯგუფებზე? ამიტომ მე მაქვს თქვენთან კითხვა – ბატონი ხაზარაძე როდესაც საუბრობდა კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც ხელს უშლიან და ამბობენ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, შემთხვევით თქვენს ბოლშევიკურ „ტროიკაზე” ხომ არ საუბრობდა და თქვენზე ხომ არ მიუთითებდა ამ შემთხვევაში? ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე საზოგადოების წინაშე გაქვთ პასუხი გასაცემი. დღეს ასევე ბევრჯერ მოვისმინეთ ადამიანის უფლებებზე ორმაგი სტანდარტებით საუბარი და კონკრეტულად ორმაგი სტანდარტია ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა” ეწევა და იქამდე წავიდა თქვენი უტიფრობა, რომ კონკრეტულ ბრალდებულს მადლობას უხდით იმ ბრალდებაში, რომელიც მას წაყენებული აქვს. თქვენ იცით, რომ არჩევნებით არ შეგიძლიათ ხელისუფლებაში მოსვლა და ამიტომ „მოლოტოვის კოქტეილებით” გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ ცხადია, არ გამოგივათ და ამას, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.