1917 წლის 11-12 დეკემბერს ქართველების რაზმმა აიღო თბილისში არსენალის მთაზე არსებული იარაღის საწყობები, რომელსაც რუსული სამხედრო ნაწილები იცავდა. ხსენებულმა ოპერაციამ პრაქტიკულად უზრუნველყო ჯერ თბილისის, შემდეგ კი მთელი საქართველოს კონტროლი ქართული შეიარაღებული ძალების მიერ.
.
არსენალზე თავდასხმაში გურული რაზმელების წვლილი მნიშვნელოვანი იყო, თავად ამ ოპერაციას კი ვალოდია გოგუაძე ხელმძღვანელობდა – „1917 წლის 11 დეკემბერს გადაწყდა არსენალის ძალით დაპატრონება ოპერაციას ვალოდია გოგუაძე ხელმძღვანელობდა, რომლის რჩეულმა რაზმნის წევრებმა გათენებამდე აიღეს ობიექტი.“ (ბ. გოგუაძე)
.
1917 წლის 12 დეკემბერთან და მის მნიშვნელობასთან დაკავშირებით გურული სოციალდემოკრატი სილიბისტრო ჯიბლაძე გაზეთ სახალხო გვარდიელში წერდა:
.
“თორმეტი!… ეს ჩვენი კაი, ჩვენი ბედნიერი რიცხვია… ჩვენ ახალ კალენდარში ამ თარიღით სხვა ბედნიერი დღეებიცაა აღბეჭდილი: პირველყოფილისა 12 მარტი – დღე თავისუფლებისა! მეორე – 12 მარტი – დღე დამფუძნებელი კრებისა! 12 იანვარი – ჩენი დამოუკიდებლობის ცნობისა!
.
მარა ყველა ეს თორმეტნი ხომ ამ დღით 12 დეკემბრით ცოცხლობენ!
.
3 წლის წინ იშვა იგი და რაც მეტი ხანი გადის, მით უფრო მეტსა გრძნობ სიდიადეს ამ ბრწყინვალე შარავანდედით მოსილი შობილისა!
.
აქედან რა გასაკვირია, თუ მას ასე შევხარით. უსაზღვრო იქნებოდა ეს სიხარული, რომ მას არ ზღუდავდეს, არ ანელებდეს აჩრდილი, წითელი აჩრდილი იმ საბედისწერო მეორე დღისა, რომელიც 12 დეკმბერზე უფროსისა მხოლოდ ერთი თვითა და და ხუთი დღით! ეს გახლავთ ნოემბრის (ძვ. სტილით კი ოქტომბრის) გადატრიალება – დიდი ისტროული აქტი, რომლითაც თავდება საერთაშორისო ომის ქაცეცხლიდან წარმოშობილი რუსეთის დიდი რევოლუცია და საიდანაც იწყება ამ მარავალტანჯული და ჯვარცმული ქვეყნის უსაშინელესი ტრაღედია.“
.
იმავე „სახალხო გვარდიელში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით არსენალის აღების შედეგად ამოღებული იარაღით შეიქმნა სოციალდემოკრატიული პარტიის სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონი, რომელიც ასევე ძირითად გურულებით იყო დაკომპლექტებული – „3 იანვარს 1918 წლისა გურიამ გამოგზავნა 200 კაცი პარტიის განკარგულებაში, რომელიც შემდეგ შეივსო სხვა კუთხეებიდან გამოგზავნილი ამხანაგებით. სულ რაზმში 350 კაცამდე იყო“.
.
წყარო:
ბადრი გოგუაძე – ჯავშანი პირველი რესპუბლიკისა 2018;
გაზეთი – „სახალხო გვარდიელი“ 1920 წელი 12 დეკემბერი #1 (ფოტო ამავე გაზეთიდან)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა