ეს არის ფეხზე დასმული ტილი – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას ენმ-ზე საუბრისას.
წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, რომ 2012 წლის შემდეგ, მოსამართლეებად ასეთი პირების ყოლა ხელისუფლების დანაშაულია, კობახიძე პასუხობს:
“ეს არის ფეხზე დასმული ტილი, რომელიც ცდილობს, ცოტა უფრო მაღლა აცოცდეს, მაგრამ ჩვენ მათ არც ერთ სანტიმეტრით არ მივცემთ ოდნავ მაღლა აცოცების საშუალებას. სადაც არიან დასმული, იქ უნდა ისხდნენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. ჩვენ მათ არავითარ საშუალებას არ მივცემთ, რომ ისაუბრონ სასამართლოს თემაზე. როგორც არ შეიძლება, ვირმა კრიალოსანზე ისაუბროს, ისე არ შეიძლება, ბეჟაშვილმა და მისმა თანაპარტიელებმა ისაუბრონ სასამართლოზე. აქედან გამომდინარე, მათ ინიციატივებსაც, რა თქმა უნდა, არავითარი მხარდაჭერა არ ექნება. რა ხანდაზმულობაზეა საუბარი, როდესაც ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება შეეწირა მათ დანაშაულს?“, –ამბობს კობახიძე.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას. ექნება თუ არა უმრავლესობის მხარდაჭერა ოპოზიციის ინიციატივას, კობახიძე აცხადებს, რომ თუ რამე საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამას შექმნის „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობის“ დანაშაულების გამოსაძიებლად.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, 4 მოსამართლის დასანქცირების შემდეგ, ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ისინი პრეზიდენტ ზურაბიშვილს პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით, ორშაბათს მიმართავენ