„მე ვარ ჯილის მეუღლე. მისი სიყვარულისა და მხარდაჭერის გარეშე დღეს მე აქ არ ვიდგებოდი. იფიქრეთ თქვენ საყვარელ პედაგოგზე, რომელმაც სწავლის პერიოდში საკუთარი თავის რწმენა განგიმტკიცათ. სწორედ ასეთი პირველი ლედი იქნება თქვენთვის ჯილი“,- ასე წარუდგინა აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საზოგადოებას მეუღლე.
ჯო ბაიდენის მეუღლე არ იცხოვრებს ისე, როგორც აქამდე ამერიკის პრეზიდენტების სხვა ცოლები ცხოვრობენ. ის იქნება პირველი ლედი და ამავე დროს, გააგრძელებს მუშაობას კოლეჯში, როგორც აქამდე მუშაობდა. თეთრ სახლში გადასვლის შემდეგ ჯილ ბაიდენი სამუშაოს არ მიატოვებს.
ვინ არის ჯილ ბაიდენი და რა გზა გაიარა, სანამ აშშ-ს პირველი ლედი გახდებოდა
პოლიტიკური კარიერა:
ჯო ბაიდენის აშშ-ს ვიცე პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში (2009-2017), ჯილ ბაიდენი ე.წ. „მეორე ლედის“ ტიტულს ატარებდა.
ამ პერიოდში ჯილ ბაიდენის საქმიანობაში შედიოდა საზოგადოებრივი კოლეჯების პოპულარიზაცია, ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ა.შ.
ჯილმა მიშელ ობამასთან ერთად ასევე წაიმოიწყო ე.წ. „ძალების გაერთიანების კამპანია“, რომელიც სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას ითვალისწინებდა. კერძოდ, იმას, რომ მათთვის საგანმანათლებლო პროგრამები და დასაქმების რესურსები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გაეხადათ.
2012 წელს ჯილმა გამოაქვეყნა საბავშვო წიგნი სახელწოდებით – „ნუ დაივიწყებთ, რომ ღმერთი აკურთხებს ჩვენს ჯარს“.
ჯო ბაიდენის 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში, ჯილი მეუღლეს გვერდით ედგა და მასთან ერთად ყველა ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
|ადრეული წლები – პედაგოგის კარიერა
ჯილ ჯეიკობს ტრეისი 1951 წელს აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში დაიბადა. ხუთი დიდან ჯილი ყველაზე უფროსი იყო.
ჯილი ათწლეულების განმავლობაში მასწავლებლად მუშაობდა. ის ფლობს ბაკალავრისა და ორი მაგისტრატურის დიპლომს. 2007 წელს დელავერის უნივერსიტეტში დოქტურანტურაზე სწავლით მან განათლების დოქტორის ხარისხი მოიპოვა.
ვაშიგტონში გადასვლამდე ჯილი სათემო კოლეჯში, საჯარო სკოლასა და მოზარდების ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მასწავლებლად მუშაობდა.
სანამ მისი მეუღლე, ჯო ბაიდენი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, ჯილი ჩრდილოეთ ვირჯინიის სათემო კოლეჯში ინგლისურს ასწავლიდა.
„მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის. ის ზუსტად გამოხატავს იმას, თუ ვინ ვარ მე“,- დაწერა Twitter-ზე მიმდინარე წლის აგვისტოში ჯილმა.
|ჯო ბაიდენი და ჯილი
სანამ ჯილი ბაიდენზე დაქორწინდებოდა. ის კოლეჯის ყოფილი ფეხბურთელის, ბილ სტივენსონის ცოლი იყო.
ჯოზეფმა ჯილი 1975 წელს გაიცნო. იმ პერიოდში დელავერის შტატის სენატორის პოსტს იკავებდა. ჯილი კი კვლავ კოლეჯში სწავლობდა.
„ყველა ბიჭს, რომელსაც კი ვხდებოდი მუდმივად ჯინსები და ჩვეულებრივი მაისურები ეცვა. როდესაც ჯო პირველად ვნახე, ის ქურთუკსა და ტყავის ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი. გულში გავიფიქრე: ღმერთო, ეს ურთიერთობა არასდროს გამოვა. ის ჩემზე 9 წლით უფროსი იყო“,- განუცხადა ჯილ ბაიდენმა Vogue-ის პირველი პაემნის შემდეგ.
ჯილის თქმით, ბაიდენმა მას ხელი 5-ჯერ სთხოვა, სანამ ის საბოლოოდ დასთანხმდებოდა.
„არ შემეძლო ჯოს შვილებს კიდევ ერთი „დედა“ დაეკარგათ. ამიტომ, მინდოდა 100%-ით დარწმუნებული ვყოფილიყავი ყველაფერში, სანამ ცოლობაზე დავთანხმდებოდი“,- ამბობს ჯილი.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენს პირველი მეუღლე ნეილია და 13 თვის შვილი ნაომი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. 2015 წელს ბაიდენმა მეორე შვილი, ბო ბაიდენი დაკარგა. ბო ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.
საბოლოოდ, წყვილმა 1977 წელს ნიუ-იორკში იქორწინა. 1981 წელს მათ ქალიშვილი ეშლი შეეძინათ.