სასამართლოს ხელისუფლება, რომელიც, კონსტიტუციით, სრულად დამოუკიდებელი და ხელშეუხებელია, „რიგ საკითხებში“ ჩარევას აღმასრულებელ ხელისუფლებას სთხოვს. აშშ-ის სანქციებთან დაპირისპირების ფონზე გამართული შეხვედრა ხელისუფლების ოპონენტებისთვის „კლანის“ არსებობის კიდევ ერთი დასტურია.
სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრი „საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტად“ მიაჩნია.
პრემიერ-მინისტრისთვის საქართველოს სასამართლო სისტემა – „ერთ-ერთი სამაგალითოა ევროკავშირში“ – არის „დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან“. ღარიბაშვილმა მოსამართლეებთან პირობა დადო, რომ გაკეთდება „მაქსიმუმი“ სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ განმარტავენ, თუ რას გულისხმობს მოსამართლეების მიერ მოთხოვნილი „ნორმატიული ჩარჩო“ და ხომ არ გულისხმობს ის, რამდენიმე წლის წინ გახმაურებულ ინიციატივას, რაც მაშინ ცენზურის დაწესებად შეფასდა.
პარალელურად, სანქცირებული მოსამართლე – ირაკლი შენგელია – ამერიკულ სასამართლოში ჩივილისთვის ემზადება. იურისტები მას ამ გზაზე წარმატებას არ უწინასწარმეტყველებენ.
„ნორმატიული ჩარჩო“
„დადგა ის ეტაპი, როდესაც მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო იქნეს შემუშავებული, რაზეც ჩვენ ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და აგრეთვე მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას“, – ეს სიტყვები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ წარმოთქვა, 10 აპრილს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მოსამართლეებს შორის გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ.
კონკრეტული დეტალების შესახებ არც 10 აპრილს თქმულა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რადიო თავისუფლებას არც 11 აპრილს განუმარტეს – თუ რა იგულისხმება პრემიერთან უკვე შეთანხმებულ „ნორმატიულ ჩარჩოში“.
ექსპერტები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებენ ახლო წარსულში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წამოყენებულ ინიციატივას – სასამართლოებისა და ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლების განსაზღვრის შესახებ, რომელსაც, 2017 წელს, საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა.
იმხანად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (2018 წლიდან – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე), ევა გოცირიძე განმარტავდა, რომ გამოხატვის თავისუფლების საზღვრები საქართველოში არასწორად იყო გაგებული და თმენის ვალდებულება მოსამართლეებს, გარკვეულ შემთხვევებში, დაუცველ მდგომარეობაში აყენებდა. იყო ლაპარაკი გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციების შესაძლო შემოღების შესახებაც.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა მაშინ მკაცრად დაგმეს არასამთავრობო სექტორსა თუ სახალხო დამცველის აპარატში. უმეტესობამ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ცენზურის დაწესების საფრთხე დაინახა. დომინირებდა მოსაზრება, რომ მოსამართლეების დაცვის ისედაც ძლიერი გარანტიები არ უნდა დაცულიყო დემოკრატიის შეზღუდვის ხარჯზე.
ამ დროს უკვე მნიშვნელოვნად იყო შერყეული სამოქალაქო სექტორის ნდობა სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების პროცესის მიმართ, რამაც ერთ-ერთი პირველი ძლიერი დარტყმა 2015 მიიღო, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.
როცა მურუსიძე მოსამართლედ დაინიშნა
იუსტიციის საბჭოს წევრებმა, ევა გოცირიძემ, ვახტანგ თორდიამ და კახა სოფრომაძემ, 2015 წლის დეკემბერში, საგანგებო განცხადებაში განმარტეს, რომ „ეს [მურუსიძის კანდიდატურას მხარდაჭერა] იყო ძალზე მძიმე და კომპრომისული გადაწყვეტილება, მიღებული დიდი ფიქრის, განსჯისა და ყოყმანის შემდეგ“, რადგან „შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ბატონ მურუსიძეს არასახარბიელო რეპუტაცია გააჩნია საზოგადოებაში და არც იმის განჭვრეტა იყო რთული, რომ მის ხელახალ გამწესებას მოჰყვებოდა მკვეთრად უარყოფითი შეფასებანი ჩვენს საზოგადოებაში“.
საბჭოს წევრების ტექსტის მიხედვით, „ხალხის ნდობის თვალსაზრისით“ გაუმართლებელი იყო ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნა, მაგრამ გასათვალისწინებელი იყო ასევე, რომ არდანიშვნაც სერიოზულ პრობლემას შექმნიდა, რადგან ეს მოსამართლეთა კორპუსში „აღქმული იქნებოდა, როგორც ძველი მოსამართლეებისადმი საერთო უნდობლობის გამოცხადება და სასამართლო სისტემიდან მათი თანდათანობითი განდევნის მაუწყებელი ნაბიჯი“.
ეს არგუმენტი არასამთავრობო სექტორში იმის დასტურად აღიქვეს, რომ „სასამართლო სისტემა ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს ყველას, ვინც ცდილობს მის გაუმჯობესებას“.
იუსტიციის სამი წევრის განცხადება აღარ იძებნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებსაიტზე.
სასამართლო ხელისუფლება და აღმასრულებელი ხელისუფლება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პრემიერ-მინისტრის დაბარებამ პოლიტიკოსებისა და ექსპერტების წრეებში არაერთი ეჭვი და კითხვა წარმოშვა. მათთვის ეს იყო „კლანის“ მხარდაჭერის ღია დემონსტრირება და იმის დასტური, რომ „კლანი შეზრდილია ხელისუფლებასთან“ .
„ამ ადამიანების მთავარი მიზანია, რომ ბიძინა ივანიშვილს [„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი] უკანა ჯიბეში ჩაუდონ ხელისუფლების საკონტროლო პაკეტი… მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ერთად არიან“, – ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე და თვლის, რომ პრემიერს არაფერი ესაქმებოდა სასამართლოში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამების მენეჯერი, გია გვილავა, რომელიც, სხვების მსგავსად, უკვე წლებია, სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფის – ე.წ. კლანის არსებობაზე ლაპარაკობს, პრემიერისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეხვედრას „სისტემის შიგნით გაშვებულ სიგნალს“ უწოდებს.
„მთავარ აუდიტორიას წარმოადგენდნენ მოსამართლეები… ეს იყო სიგნალი, რომ – ხელისუფლება ისევ გვიჭერს მხარს, რომ ხელისუფლება ისევ მეგობრობს „კლანთან“ და გავაკეთებთ იმას, რაც გვინდა, რადგან გვაქვს ზურგი“, – ეუბნება გია გვილავა რადიო თავისუფლებას.
„მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული და მინდა მოვუწოდო, პირველ რიგში – ჩემს კოლეგებს, რომ იყვნენ მშვიდად… მერწმუნეთ რა, ვდგავართ მაგრად, არ გვეშინია არაფრის“, – თქვა სანქცირებულმა ლევან მურუსიძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მურუსიძისთვის, როგორც ამბობს, პრემიერ-მინისტრი „საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების გარანტია“ და ის ამჯერად იმის გამო მოიწვიეს, რომ სახელმწიფოს დეპარტამენტის „ზეწოლას“ თავად მოსამართლეები პოლიტიკურ პასუხს ვერ გასცემდნენ.
საქართველოს კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრი „მთავრობის მეთაურია“ და „მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე“.
საქართველოს მთავრობა არის „აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“.
მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.
- „საერთო სასამართლოების შესახებ “ კანონის თანახმად, „დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით“, მოსამართლეებისთვის „ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული პირობების“ შექმნა, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს.
- „საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა” უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა.
- იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს წინაშე.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში პრემიერ-მინისტრი მხოლოდ ერთგან არის მოხსენიებული და მოსამართლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით.
საქართველოს კონსტიტუციით, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი შტოა.
მოსამართლის დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა კონსტიტუციით არის გარანტირებული, მას იცავს იმუნიტეტი და იუსტიციის საბჭოს თანხმობის გარეშე, „დაუშვებელია მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა“.
ვის უჩივის, რის საფუძველზე?
აშშ-ის სასამართლოში ჩივილის გადაწყვეტილების შესახებ, სანქცირებულმა მოსამართლემ – ირაკლი შენგელიამ 10 აპრილს გამოაცხადა. ფეისბუკპოსტში, ისევე, როგორც შემდგომ, ზეპირ განცხადებებში, მოსამართლემ აღნიშნა, რომ არ შეეგუება კორუფციის ბრალდებით დაწესებულ სავიზო სანქციას და ჩივილით შელახული ღირსების აღდგენას გეგმავს.
„ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს“, – აცხადებს ირაკლი შენგელია.
მას გადაწყვეტილება მოუწონა თავადაც სანქცირებულმა ლევან მურუსიძემ. 10 აპრილს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ თვითონაც ფიქრობს ამ საკითხზე, მაგრამ ჯერ საჭირო იქნება „გარკვეულ პროცედურებში გარკვევა და ჩახედვა“.
სიმართლე არ დაიკარგება – უთხრა ტელეკომპანია „იმედს“ იუსტიციის საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა. ის აპირებს, რომ ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს ირაკლი შენგელიას, „[რომელმაც დააანონსა, რომ] გამოიყენებს კანონით მისთვის მინიჭებულ შესაძლებლობას და სადავოდ გახდის აშშ-ის შესაბამის სასამართლო უწყებაში ამ გადაწყვეტილების [სავიზო სანქცირების] კანონიერებას და დასაბუთებულობას“. გვრიტიშვილის მხრიდან გამარჯვების რწმენა ემყარება იმ ფაქტს, რომ „რა რანგის თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს აშშ-ში ადამიანი, მისი საქმიანობა, როგორც საჯარო თანამდებობის პირის საქმიანობა, სასამართლოს კონტროლს ექვემდებარება“.
„წარმატებები“, „აუცილებლად გაიმარჯვებ“ – სწერენ მოსამართლე შენგელიას მხარდამჭერები, სოციალურ ქსელ ფეისბუკში. იურისტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ შენგელიას განზრახვა მარცხისთვის არის განწირული.
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ – აშშ-ს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, საჯარო სამართალი არ ავალდებულებს, განმარტოს – თუ რატომ გამოიყენა „სუვერენული უფლება“ და მიიღო გადაწყვეტილება – ამა თუ იმ პირისთვის ქვეყანაში შესვლის ნებართვის გაცემის ან გაუქმების შესახებ.
ალაფიშვილი ამბობს, რომ მოსამართლე შენგელიას სარჩელს აშშ-ის სასამართლო წარმოებაში არ მიიღებს და მსგავსი სარჩელის საკითხი ასევე უშედეგოდ დასრულდებოდა საქართველოს სასამართლოშიც.
„აშშ ათასობით უცხოელს უარს ეუბნება ვიზის გაცემაზე, ამ გადაწყვეტილებას არ განმარტავენ და არც მტკიცებულებებს წარადგენენ“, – წერს ლევან ალაფიშვილი თავის ფეისბუკპოსტში და იქვე ამატებს, რომ „მტკიცებულებების წარდგენის გარეშე“ ხდება უკრაინისა თუ აშშ-ის მოქალაქეების საქართველოში არშემოშვების გადაწყვეტილების მიღებაც.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „სანდო“ უწოდა „სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის – ღია წყაროებიდან“ მოპოვებულ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო „მნიშვნელოვანი კორუფციის“ მიზეზით მოსამართლეთა სანქცირების გადაწყვეტილებას. ამერიკული მხარე არ აპირებს, რომ მიაწოდოს მოპოვებული მასალები საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებს, რადგან „კორუფციის გამოძიება საქართველოში ქართველი სამართალდამცავი უწყებების უფლებამოსილებაა“.
5 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს. ესენი არიან: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი – ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე – ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.
რადიო თავისუფლება