ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ მოძრაობას მსახიობი ნინო კასრაძე შეუერთდა. მისი სიტყვებით, “მთავარი არხის” დამფუძნებლის მიმართ ბრალდება უსამართლოა.
“მიმაჩნია, რომ ის ბრალდება, რითაც ნიკა არის გასამართლებული, ჩემთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის მიუღებელი, გაუგებარი და უსამართლობა.
მე პირადად, ნინო კასრაძეს, მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი. ვთვლი, რომ ამ სიტუაციაში მთავარი გამოსავალი არის შეწყალება. ვიღაცამ კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს, ადამიანური ნაბიჯი უნდა გადადგას”, — ეუბნება ის “მთავარ არხს”.
გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი მოძრაობის ახალი წევრები მისმა დამფუძნებელმა, ბაჩანა შენგელიამ, 10 აპრილს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე წარუდგინა საზოგადოებას.
მათ შორის არიან მომღერლები და მუსიკოსები — თამრიკო ჭოხონელიძე, ლელა წურწუმია, ლექსენი, მერაბ სეფაშვილი და პაატა ბურჭულაძე.
შენგელიას თქმით, მისთვის საამაყოა, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდა საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი ექიმი, პროფესორ-მასწავლებლელი, მხატვარი, მწერალი, მსახიობი თუ მომღერალი, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მათი პოზიცია ამ რთულ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.