„გადავწყვიტეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გავაკეთოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ათწლიანი პერიოდის ანალიზი და შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც სრულად შეისწავლის ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს“, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს.
ნინო წილოსანის განცხადებით, მომდევნო წლებში პრიორიტეტი თანამედროვე გამოწვევებზე თანამედროვე მეთოდებით პასუხი უნდა იყოს, იქნება ეს პროფესიული განათლება თუ ფერმერთა უფლებები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ინოვაციები სოფლის მეურნეობაში.
მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია აგროდაზღვევის პროგრამაც, სადაც წელს პოზიტიური ცვლილებებია მევენახე ფერმერებისთვის, რომლებიც 50%-ის ნაცვლად 70%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ.
„ალბათ სამართლიანი იქნება თუ სექტორის ათვლის წერტილს პირდაპირ დავუკავშირებ „ქართუ“ ფონდის მასშტაბურ პროექტს, რომელმაც ქართული ადგილობრივი ჯიშები – ქართული ვაზის 440 და ხეხილოვანი კულტურების ათეულობით ენდემური ჯიში აღმოაჩინა და გადაარჩინა.
ჯიღაურასა და წილკანში არსებული კვლევითი და სანერგე მეურნეობების მეშვეობით საზღვარგარეთიდან შემოტანილი ვაზის და ხეხილის უცხოური ჯიშების აპრობირება მოხდა რეგიონებში და ადაპტირებული ჯიშების შეთავაზება ადგილობრივი ფერმერებისთვის, ჯიღაურას ბაზის დახმარებით შეიქმნა რამდენიმე სანერგე მეურნეობა, რომლებმაც უსასყიდლოდ მიიღეს ნერგები, საძირე და საკვირტე მასალა“, – განაცხადა წილოსანმა.