ლევილის მამულში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი კულტურის სამინისტროსა და მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს.
ზურაბიშვილი წერილში აღნიშნავს, რომ მიუღებელია ლევილის მამულების კომიტეტის დირექტორის მოადგილედ ტიერი ბერიაშვილის დანიშვნა მიუღებელია. ზურაბიშვილის თქმით, “როდესაც საქართველოში ეროვნული მოძრაობები იწყებოდა, ბერიაშვილი მხარს უჭერდა იმდროინდელ საბჭოთა ხელისუფლებასთან კომუნიკაციასა და დიალოგს”.
“ქალბატონო მინისტრო,
ლევილის შატოში ჩატარებულმა მმართველი კომიტეტის სხდომამ, საშუალება მოგვცა ცხადი გაგვეხადა საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს პოზიცია უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებით.
სასიამოვნოა, რომ მმართველმა კომიტეტმა დააკმაყოფილა ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნა, გვყოლოდა წარმომადგენელი ახალ კომისიაში, რომელიც შექმნილ იქნა მუზეუმის კონცეფციაზე სამუშაოდ. ცხადია, აუცილებელია, რომ ამ მუზეუმში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიას მიენიჭოს ის ადგილი, რომელსაც ის იმსახურებს. უნდა აღნიშნოს, რომ ამ პრინციპს არავინ ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე ქართული სათვისტომო ცნობად მიიღებს აღნიშნულ მოსაზრებას და უახლოეს დღეებში დაასახელებს კომისიაში თავისი წარმომადგენლის გვარს.
აქვე შეგახსენებთ, (პოზიცია, რომელსაც მტკიცედ ვიცავდით ამ შეხვედრისას), რომ დირექტორის მოადგილედ ბ-ნი ტიერი ბერიაშვილის დანიშვნა მიუღებელია როგორც არსობრივად, ასევე ფორმის თვალსაზრისით.
ცნობილია, რომ როდესაც საქართველოში ეროვნული მოძრაობები იწყებოდა, რასაც აქტიურ თანადგომას უცხადებდა ქართულ პოლიტიკური ემიგრაცია, მაშინ, ტ. ბერიაშვილი მხარს უჭერდა იმდროინდელ საბჭოთა ხელისუფლებასთან კომუნიკაციასა და დიალოგს, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ამ ფუნქციის მინდობა იმ პიროვნებისთვის, რომელმაც, როცა ეს ქართველი ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ მსგავსი გულგრილობა გამოამჟღავნა. მუზეუმის რა კონცეფციის შემოთავაზება შეუძლია პირს, რომელიც თავის დროზე, ერის დამოუკიდებლობის ხელშეწყობის ნაცვლად ხალხთა შორის მეგობრობის ყალბი პათოსით შემოიფარგლა, მაშინ როცა ეს თემა იყო ეგზისტენციალური, როგორც გუშინდელი, ასევე სრულიად შესაძლებელია, ხვალინდელი საქართველოსთვისაც.
ამასთან, როგორც უკვე მოგახსენეთ, ფორმის თვალსაზრისით, ამ დანიშვნის შესახებ არაკოორდინირებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შორდება დემოკრატიულ პრინციპებს და ამ თვალსაზრისით საეჭვოდ გამოიყურება.
თქვენს მიერ გამოთქმულ ფინანსური გამჭვირვალობის სურვილიდან გამომდინარე სასურველია წარმოდგენილ იქნას ჩატარებული სამუშაოს ანგარიში; უახლოეს მომავალში დაიწყება აზბესტის მოცილება მთავარ შენობაზე (შატოზე). ვიმედოვნებთ, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ შესაძლებელი გახდება შატოს უმთავრესი სარემონტო სამუშაოების დაწყება”, – ნათქვამია წერილში.