რას ნიშნავს სტრასბურგის გადაწყვეტილება აგვისტოს ომზე და რატომაა მნიშვნელოვანი სამართლიანობის დასამკვიდრებლად

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა.

თბილისში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები სტრასბურგის გადაწყვეტილება აფასებენ, როგორც სამართლიანობის აღსრულებას და მიაჩნიათ, რომ საქართველომ მოიპოვა დიდი გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას აქვეყნებს და მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს.

„2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დარღვევების მტკიცებულებების საფუძვლიანი ანალიზის შემდგომ საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 20 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები დაზარალებულ პირთა კომპენსაციასთან დაკავშირებით.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ.

„გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაგრძელდება და რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის შემდეგ თანხა დაზარალებულებზე განაწილდება,” – აღნიშნულია განცხადებაში.

„ქართული ოცნების” დეპუატის, გივი მიქანაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა, რასაც დიდი ძალისხმევა და ბრძოლა დასჭირდა.

„მიღებულია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა საქართველოსთვის 130 მილიონის კომპენსაცია უნდა გასცეს. მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე წააგო. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორი აგრესია ჩაიდინა მან საქართველოს მიმართ და რა უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება! როდესაც რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს და ყველა საზღვარს გადასცდა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დააკავშიროს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავდაცვის მიმართულების მდივანმა, ზაზა გოგავამ განაცხადა, რომ ეს არის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს კიდევ ერთი წარმატება ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ, რასაც 2008 წლიდან 15 წელი დასჭირდა.

„ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ასეთი შედეგით არ დამთავრდებოდა, მინდა ვთქვა, რომ ეს არის კიდევ ერთი წარმატება ჩვენი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. 2008 წლიდან 15 წელი დაჭირდა ამ ყველაფერს, რომ ოკუპანტი სახელმწიფო გაემტყუნებინა და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ აქ არ არის მთავარი რა თანხა არის გადასახდელი კომპენსაციად, აქ მთავარია ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს სახელმწიფომ მოიპოვა გამარჯვება ოკუპანტზე. აქვე მინდა დავძინო ერთი რამ, რომ ჩვენ შევძელით მათთვის ნიღაბი ჩამოგვეხსნა და როცა უკრაინაში დამარცხდებიან, ნამდვილად ვიცი, რომ ისინი აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე”, – განაცხადა ზაზა გოგავამ.

„რუსეთი ბედნიერი ვერ იქნება ასეთი გადაწყვეტილებით უბრალოდ, მაგრამ სამართალი იმას ნიშნავს, რომ სწორედ მისი გამარჯვება არის მთავარი ასეთი პროცესების დროს,” – აცხადებს საგარეო საქმეთა ექსმინისტრი. „ – აქ რაოდენობაზე არ არის თანხის იმდენად საუბარი, არამედ პრინციპზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ეს ძალიან მაღალი დონის სასამართლო აღიარებს დანაშაულად იმას, რაც დატრიალდა 2008 წელს. ეს არის ყველაზე ღირებული ამ შემთხვევაში,” – განაცხადა მენაღარიშვილმა.

ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია რუსეთი ბოლომდე დაეკისროს ის სასჯელი, რასაც იმსახურებს.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ბევრი ასეთი გადაწყვეტილება გვჭირდება იმისათვის, რომ რუსეთმა ბოლომდე აგოს პასუხი. ახლა გასაგებია, ის გაურბის სტრასბურგის და არამარტო სტარასბურგის, ფაქტიურად ყველა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას და გამოდის ყველა სამართლებრივი კონვენციიდან. მაგრამ დადგება დრო, როდესაც მას მოუწევს რეპარაციების გადახდა. ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ გვქონდეს სამართლებრივად ყველა საბუთი ხელში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხაზი გაგრძელდეს,” – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share