30 აპრილს, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციას მთელი საქართველო ყურადღებით აკვირდებოდა: “მოვდივარ” – ასე უწოდეს ორგანიზატორებმა შეხვედრას, რომელშიც ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი თუ შედარებით უცნობი ადამიანები მონაწილეობდნენ.
“მზად ვართ ნებისმიერ ქვეყანასთან მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის, ოღონდ, არა ჩვენი იდენტობის გაქრობის ხარჯზე… ჩვენი საზოგადოება ითხოვს მშვიდობას და არა ომს… ხალხმა უარი უნდა უთხრას საქართველოს საქმეებში სხვათა ჩარევას, დაუსაბუთებელ რეზოლუციებს და სანქციებს”, – ასეთი მოთხოვნებით გამოდიოდნენ ტრიბუნაზე შეხვედრის მონაწილეები. როგორც ყოველთვის, ჩვენი საზოგადოების აზრი ამ აქციის გამო, ორად გაიყო…
ზაზა პაპუაშვილი, მსახიობი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორი:
– 30 აპრილის აქციით, მგონი, ყველა მონაწილე კმაყოფილია: იცოდნენ, რომ ცუდი ამინდი იქნებოდა, მაგრამ მაინც მოვიდნენ, იცოდნენ, რომ “ნაპოლის” თამაში იქნებოდა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, მაგრამ აქციაზე მაინც მოვიდნენ. რატომ? – ხალხს უნდა, რომ ვიღაცამ მაინც გაახმოვანოს ის, რაც მას აწუხებს. რა წუხილზე გესაუბრებით? – იმაზე, რომ არ შეიძლება სუვერენულ ქვეყანას ვინმე ულტიმატუმებით ელაპარაკოს, არ შეიძლება ცხვირწინ ჩამოუკიდონ “ფერადი რევოლუციები”, მაიდანი, ომში ჩართვა და ა.შ. სწორედ ამან აღაშფოთა ხალხი, რომელსაც აინტერესებს, ჩვენი ხვალინდელი დღე როგორი იქნება.
ჩვენი გუნდის მიზანი ქართული საზოგადოების გაერთიანებაა, იმ გაუცხოებისა და აგრესიის გაქრობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იგრძნობა. ჩვენ არ ვყოფთ და არ ვანაწილებთ საზოგადოებას, ამიტომ, ეს არის ძალა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სწორად წარმართავს და გააწონასწორებს. საღი აზრი, რომელიც გუშინდელ აქციაზე ისმოდა, ხმამაღლა უნდა ითქვას. საზოგადოებას აქვს უფლება, გამოვიდეს და გააპროტესტოს, თუ რაღაც არ მოსწონს, სწორედ ამიტომ დავარქვით ამ აქციას “მოვდივართ”.
ჩვენ მხოლოდ ორი რამ გვამოძრავებს:
საქართველო არის ყველაფერზე მაღლა და “საქართველო უპირველეს ყოვლისა”. ვისაც ამ ქვეყანაში დაძაბულობის და დაპირისპირების შემოტანა უნდა, ვპირდებით, რომ საკადრის პასუხს მიიღებს! არ შეიძლება წლების განმავლობაში ვხედავდეთ, როგორ ცდილობს ერთი პატარა გუნდი, ერთი მუჭა ხალხი უმრავლესობაზე დიქტატი დაამყაროს. მართალია, სატელევიზიო ეთერით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისინი დომინირებენ, მაგრამ ასე არ არის. ვინც ამ შეხვედრის არსს ჩასწვდა, მიხვდება, რისთვისაც შევიკრიბეთ. თუ ქართველები ჩვენი ქვეყნის ერთიანობაზე და სუვერენიტეტზე არ ვილაპარაკებთ, აბა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? მართალია, მტერი ბევრი გვყავს, მაგრამ ადეკვატური, ჭკვიანური ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ არავის გავლენის სფეროში არ მოვექცეთ, რომ არავის ლუკმა არ გავხდეთ.
ამ მიზნის მიღწევას გონიერება, დიდსულოვნება და ქვეყნის სიყვარული სჭირდება. სულელური ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ და ყველა გამოწვევას ისე უნდა დავხვდეთ, რომ არც რუსეთის გავლენის სფეროში მოვექცეთ და არც – სხვა ქვეყნებისა. ამიტომ, ჩვენი ქვეყანა ეროვნული ფასეულობებით უნდა ვმართოთ და არა სხვების მითითებით.
ირაკლი ჩოლოყაშვილი, მსახიობი, დირიჟორი:
“რუსეთთან მარტო დარჩენა ჰარაკირის ტოლფასი საქციელია”
– არავისთან დაპირისპირება არ მსურს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: რუსეთთან პირისპირ დარჩენა ჰარაკირის ტოლფასი საქციელია. ეს არის ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებებს არ ასრულებს და მასთან პირისპირ რომ დავრჩეთ, მაშინ როგორ მოიქცევა? რუსეთს არც საბჭოთა კავშირის დაშლა უნდოდა, არც ბალტიისპირეთის ქვეყნების გაშვება და არც საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადება. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს მტერი, რომელიც თავს არ გვანებებს და ამ სიტუაციაში, მხოლოდ ერთი სწორი გზა არსებობს: უნდა ვეცადოთ, რომ საქართველო ძლიერი ქვეყნების გვერდით იყოს, ისეთი ქვეყნებისა, რომლებსაც მთელ მსოფლიოზე სერიოზული გავლენა და ძალა აქვთ. ამ შემთხვევაში, რუსეთი იოლად ვეღარ დაგვჩაგრავს.
არც ისე შორეული წარსული გავიხსენოთ:
ნოე ჟორდანიას მთავრობამ საქართველო ნეიტრალურ ქვეყნად გამოაცხადა და ყველამ კარგად ვიცით, რა ბედია ეწია ჩვენს დამოუკიდებლობას. დღესაც ბევრი ფიქრობს: თუ ნეიტრალურები ვიქნებით, რუსეთი თავს არ დაგვესხმებაო, მაგრამ ეს ყველაზე დიდი შეცდომაა! დღესაც არაფერს ვამბობთ, წინააღმდეგობას არ ვუწევთ, მაგრამ ე.წ. საზღვრიდან მავთულხლართებს ყოველდღე აქეთ სწევენ – ამ გზით, ასეულობით მეტრ მიწას იტაცებენ.
ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთმა უფრო მეტი ტერიტორია წაგვართვა, ვიდრე 2008 წლის ომის შემდეგ დავკარგეთ.
გავიხსენოთ, ჩეჩნეთში რა გააკეთეს! – როგორ მოექცნენ ამ პატარა ქვეყანას: 30 ათასი მხოლოდ ბავშვი მოუკლეს. გეკითხებით – იქ რომ ნატოს ჯარი მდგარიყო, რუსეთი ამდენს გაბედავდა? ან, უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთი ასე მოექცეოდა? – ცხადია, ამას ვერ გაბედავდა. თუ ამ ქვეყანას მსოფლიომ თავისი ადგილი არ მიუჩინა, მისგან მომავალი საშიშროება ყოველთვის დარჩება. ახლა ერთადერთი გამოსავალი ომში უკრაინის გამარჯვებაა – უკრაინისა, რომელსაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო უჭერს მხარს. დიდი იმედი მაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და ეს დრო შორს ნამდვილად არ არის. ამ შემთხვევაში, რუსეთი ძალიან ცუდად დაასრულებს და პატარა ქვეყნები, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, აუცილებლად მოიპოვებენ თავისუფლებას.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ დასავლეთის ქვეყნები ჩვენს საქმეში არ უნდა ჩაერიონ: შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძალიან ბევრ დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი, რაც სერიოზულ ვალდებულებებს გვაკისრებს. ჩვენ დასავლეთისგან სოლიდურ დაფინანსებას ვიღებთ, აქ ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ევროპიდან და ამერიკიდან ფინანსდება. ისინი გვეხმარებიან, რომ საქართველო წელში გაიმართოს, სურთ, ჩვენთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეთ. კონსტიტუციაშიც წერია, რომ ჩვენი ქვეყანა დასავლური სამყაროს ნაწილი უნდა გახდეს და რაც მთავარია, ქართველი ხალხის სურვილია, რომ საქართველო ევროკავშირის და ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი იყოს. ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ ევროკავშირში შესვლა ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს. ნათქვამია – ხმა ღვთის და ხმა ერისაო! – ხალხის ნებას წინ ვერავინ აღუდგება.
კვირის პალიტრა